logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა
- +

17 სექტემბერი. 2019. 22:14

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილამ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კიდევ ერთი, მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. ამის შესახებ ცნობა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

 

ზურაბ ნადირაძის შეწყალება „მთავარ არხს“ ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. ზურაბ ნადირაძის მიერ მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას.

 

imedinews ზურაბ ნადირაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადა, თუმცა ადმინისტრაციაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამასთან, ცნობილია რომ ხვალ, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება.

 

ზურაბ ნადირაძე 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. „რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთიც, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოსი ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

 

ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს.

 

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

 

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

 

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.

 

2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner