საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას.
„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა 9 პროცენტიანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19 პროცენტიანი წილით. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი ლიდერია.
ასევე, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე.