„ეს იქნება შეხვედრა მოქალაქესთან, რომელიც არის საინტერესო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის", - ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან ხვალ დაგეგმილ შეხვრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმ თემებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს და მნიშვნელოვანია.
„რომელი თემებია მნიშვნელოვანი, ამას განსაზღვრავს მედია, რომელიც წარმოდგენილი იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე. შესაბამისად, კითხვებში გამოჩნდება, რა არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ტელეარხისთვის.
ბიძინა ივანიშვილი ასევე ისაუბრებს წერილზე, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ვფიქრობ, საზოგადოებაში კვლავ არსებობს ინტერესი ამ წერილში გაშლილი თემების მიმართ", - განაცხადა უძილაურმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს 7 ივნისს შეხვდება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ორი საათი გაგრძელდება.
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ეროვნულ მაუწყებლებთან პირდაპირ ეთერში გადაიცემა.