„ამ ადამიანების მოთხოვნების დიდი ნაწილი არათუ სამართლიანია, არამედ აქამდეც რომ ასეთი ვითარებაა შრომის პირობების, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის თვალსაზრისით, ყოვლად მიუღებელია", - ასე აფასებს ტყიბულში მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი და აქვე აცხადებს, რომ მეშახტეების პრობლემა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის დავა. როგორც ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, ეს არის სფერო, რომელიც სახელმწიფოს მიერ უნდა კონტროლდებოდეს.
„არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ ცალკეულ მეწარმეებს მივანდოთ და მხოლოდ დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის ურთიერთობის ჭრილში განვიხილოთ. ეს არის სფერო, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიერ. ჩვენ გვაქვს ასეთი ინსტიტუტები შექმნილი. საკანონმდებლო დონეზე შევქმენით ახალი კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. თუმცა, მთელი რიგი მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს შემთხვევაც აშკარად გვეუბნება, რომ აუცილებელია შრომითი პირობების ინსპექტირების, მონიტორინგისა და შესაბამისი სანქციების ქმედითი და ეფექტური ინსტიტუტის ამოქმედება. ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. ეს ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს, რადგან ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი შეხედვითაც კი ყოვლად აღმაშფოთებელია.
რაც შეეხება ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. აქ სახელმწიფოს როლი შესაძლოა იყოს მედიაციის თვალსაზრისით", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.