„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე , რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში. ეს არის ისეთი მოვლენა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებას და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, იწვევს უკმაყოფილებას“, -ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და აუცილებელია, ამგვარი ტიპის მასალამ, რომელიც შეწყალებას ეხება, სათანადო ფილტრი გაიაროს.
„ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ქალბატონი სალომეც დღეს გამობრძანდა და თქვა, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის და შეცდომებისგან არც მე არ ვარ დაზღვეულიო. მე მიმაჩნია, რომ როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი მოგმართავს შეწყალების მოთხოვნით, ძნელია, შემდეგ ეს რომ გაფილტრო. ამან რაღაც ფილტრი უნდა გაიაროს. წინა პრეზიდენტის პირობებში კომისია არსებობდა, რომელი კომისიაც სწავლობდა ამ საქმეებს და დღეს, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი კომისია არ არის. ამიტომ შეუძლებელია, რომ ასეთი ტიპის ზღვა მასალა სრულყოფილად და სწორად იქნას დამუშავებული“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.