საქართველოში, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა - 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების - ვინც, საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება - 24,3%-ით გაზრდილი, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია.
„საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15.3% შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა იყო 8.3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წელს 16,2%-ით გაიზარდა და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.