„ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიან იმპორტირების სიგარეტზე და ასევე, გაიზარდა აქციზი ე.წ. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა.
„აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თავიდანვე იგეგმებოდა დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც. შემდეგ, სამწუხაროდ ეს პროცესი დიდ ხანს გაიწელა, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაბეგვრა. რეალურად, გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, მაშინ რას ვერჩით საწვავს და ა.შ. რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის. კარგია, რომ მწეველების შემცირების ტენდენცია დასტურდება. ეს კარგია და ამ ტემპით თუ უფრო სწრაფად წავალთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ასევე, მან ისაუბრა ელექტროსიგარეტის დაბეგვრის თემაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია აღნიშნული პროდუქტიც მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში.
„პარლამენტში ამასთან დაკავშირებითაც შესულია ინიციატივა. აუცილებელია, ესეც მოწესრიგდეს და მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში. მწარმოებლები არ არიან თანახმა, რომ იმ რეგულაციების პირობებში შემოვიდნენ, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ამიტომ ჩვენი რეგულაციები უნდა გაუტოლდეს ევროპულს. დღეს ჩვენი რეგულაციები ევროპულზე მკაცრია აღნიშნულ საკითხში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.