თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანი თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – აშშ-ს მოქალაქეს, ასევე საქართველოს ორ მოქალაქეს უკვე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო 20 სექტემბერს, 12:00 საათზე იმსჯელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.