უნდა დატოვოს თუ არა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი საუბრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაირკვა თინა ხიდაშელის როლი არჩევნების პროცესში, მას მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება:
„პროკურატურამ თუ გამოძიება დაიწყო, მაშასადამე, საფუძველი არსებობს. ამ გამოძიებამ შესაძლოა დაადგინოს, რომ დანაშაული არ მომხდარა. ექსპერტად ვერ გამოვდგები იმ საქმისთვის, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. საქართველოში არჩევნების გაყალბება ტრადიციაა. თინა ხიდაშელი თანამდებობას დატოვებს თუ არა, ამას ვიხილავთ. თუ გამოძიებით გაირკვა, რომ ამ არჩევნებში ხიდაშელი მონაწილეობდა, გარკვეულწილად ახდენდა ზეგავლენას, რა თქმა უნდა, თანამდებობის დატოვებაც მოუწევს და სხვა პასუხისმგებლობის გაზიარებაც. თუ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლება მანკიერი დანაშაულების პროცესზე გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენდა, არ ქმნის საფუძველს, რომ თანამდებობიდან გადადგეს, მანამ, სანამ საბოლოო პასუხს არ მივიღებთ", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.