შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.
კომპანიის ხელშეწყობით, სკოლის მეორე კორპუსის პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ასევე მოწესრიგდება სველი წერტილები, სასადილო და გასახდელები.
სკოლის ძირითადი პირველი კორპუსის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დაიწყო, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.
რაც შეეხება მეორე კორპუსს, ის სამსართულიანია. მეორე კორპუსის დაფინანსება თავის თავზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ აიღეს. მერიის მიერ დაფინანსებული თანხით, მეორე და მესამე სართულები გარემონტდა, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით - პირველი სართულის ფოიე.
სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული პირები ასრულებენ, საჭირო მასალების შეძენაც თავად კომპანიამ უზრუნველყო.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, კერძოდ, შემოსასვლელი მთლიანად გაკეთდა, დაიგო გრანიტის იატაკი, კედლები გაილესა და თავიდან შეიღება, გაკეთდა ჭერი, ანალოგიური სამუშაოები შესრულდა პირველი სართულის მეორე ოთახშიც, იატაკიდან დაწყებული ჭერით დამთავრებული, ყველაფერი შეიცვალა და ახალია. ასევე, დასრულდა სპორტული ოთახის სარემონტო სამუშაოებიც.
პარალელურად, რემონტდება სასადილო და სველი წერტილები.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ დაასრულა ის სამუშაოები, რომლებიც აუცილებელი იყო სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. ხოლო ის სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენს სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის და სწავლის პარალელურად მიმდინარეობს.
მე როგორც სკოლის დირექტორს, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დახმარების გარეშე ეს კორპუსი საერთოდ დაიხურებოდა, და ჩვენ ვერ შევძლებდით სასწავლო პროცესის დაწყებას.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მათ ჩვენს სკოლასთან დაკავშირებით მიიღეს“,- განაცხადა ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა შუბითიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლა დღეს 900 მოსწავლეს აერთიანებს.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ საგანმანათლებლო პროცესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებას საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა და პირობები ჰქონდეს.