ავტორი თეა ფირცხალავა
„თუ გინდათ - დავქორწინდები, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც აქამდე იყო... ვერ გავუძლებ ბედნიერებას, რომელიც ყოველ დღე, დილიდან საღამომდე გაგრძელდება... ისეთ ცოლს ვისურვებდი, რომელიც ახალმთვარესავით იშვიათად გამოჩნდება ხოლმე ჩემს ცაზე“.
ანტონ ჩეხოვმა ჯერ კიდევ მაშინ გაამხილა ეს სურვილი, როდესაც ჩვენი იუბილარი ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა... ეტყობა, ახალმა მთვარემ ყური მოჰკრა, „შეისმინა“ და...
1868 წლის 21 სექტემბერს დაიბადა სახელოვანი რუსი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი და „МХТ“-ის ვარსკვლავი ოლგა კნიპპერ-ჩეხოვა, რომელიც, ირიბად, საქართველოსაც უკავშირდებოდა.
სანამ ოლგას ცხოვრებაზე მოგითხრობდეთ, ორიოდ სიტყვით გაგაცნობთ კნიპპერების საგვარეულოს და მათ საინტერესო კავშირს საქართველოსთან: ოლგას მამა იყო ვენაში დაბადებული გარუსებული გერმანელი ინჟინერ-ტექნოლოგი ლეონარდ კნიპპერი, ოლგას უმცროსი ძმა - ცნობილი საოპერო მომღერალი ვლადიმერ კნიპპერი, ხოლო უფროსი ძმა - კონსტანტინ კნიპპერი, რომელიც 1895 წლიდან მუშაობდა თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობაზე და ძირითადად თბილისში ცხოვრობდა. ძმის სახლს ხშირად სტუმრობდა ულამაზესი ოლგაც. თბილისში დაიბადა ოლგას ძმისშვილიც - ლევ კნიპპერი, რომელიც ცნობილი კომპოზიტორი გახდა. ოლგას მეორე ძმისშვილი გახლდათ ოლგა ჩეხოვა, ცნობილი გერმანელი მსახიობი, რომელზეც უკვე არაერთხელ გიამბეთ. მოკლედ, ოლგა კნიპპერის მონაწილეობით თბილისი-ყარსის მაგისტრალზე აიგო ასობით ნაგებობა - ხიდები, მილები, ვიადუკები და გვირაბები, ხოლო სარკინიგზო ხაზზე პირველმა მატარებელმა 1899 წელს გაიარა.
ოლგამ დაამთავრა კერძო ქალთა გიმზანია და მშობლებს უნდოდათ, რომ იგი მხატვარი ან მთარგმნელი გამხდარიყო, რადგან სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ და გერმანულ ენებს და კარგადაც თარგმნიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ „გეგმები“ აირია... ოლგას ყველაზე მეტად თეატრი იტაცებდა, ამიტომ 1895 წელს ვლ. ნემიროვიჩ-დაჩენკოს სამწლიან დრამატულ სკოლაში ჩააბარა და უკვე 1898 წლიდან „МХТ“-ის დასის წამყვანი მსახიობი და კონსტრანტინ სტანისლავსკის პარტნიორი გახდა.
ოლგა კნიპპერმა და ანტონ ჩეხოვმა ერთმანეთი 1899 წელს გაიცნეს, „თოლიას“ რეპეტიციის დროს. ანტონი სპეციალურად ჩავიდა იალტიდან მოსკოვში, რათა თავისი პიესის რეპეტიციას დასწრებოდა. თავად წერს, რომ პირველი დანახვისთანავე მოიხიბლა ოლგას ნიჭით...
ანტონ ჩეხოვი 41 წლამდე უცოლო იყო... ივან ბუნინისადმი მიწერილ წერილში იგი წერდა: „საშინლად მეშინია ჯვრისწერის, მილოცვების და... შამპანურით სავსე ბოკალის, რომელიც აუცილებლად უნდა მეჭიროს ხელში და ყველას ვუღიმოდე...“ (კარგად დაიმახსოვრეთ შამპანურზე ნათქვამი ეს „მისტიური“ სიტყვები...). ამიტომ, ანტონი ყველას უმალავდა ოლგაზე გამიჯნურებას, მერე კი... ბუნინისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ანტონი დაწერს: „უმჯობესია, გერმანელზე დავქორწინდე და არა რუსზე... გერმანელი უფრო აკურატული იქნება, ბავშვი იატაკზე არ იხოხებს და არც კოვზის რახარუხს დაიწყებს სპილენძის ლანგარზე...“
1901 წელს ანტონმა და ოლგამ ჯვარი დაიწერეს. ამის შესახებ ანტონის დედამ და დამაც კი წინა დღეს გაიგეს. თუმცა...
ანტონის ცხოვრებაში არც ჯვრისწერის შემდგომ შეცვლილა რამე... ის კვლავ იალტაში ცხოვრობდა, ოლგა კი მოსკოვში. აი, როგორ აუხდა ანტონს ახალმთვარეულზე გამხელილი სურვილი...
ოლგა კნიპპერ-ჩეხოვას სახელი უკავშირდება მსოფლიო კულტურის ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - უდიდეს დრამატურგს ანტონ ჩეხოვს და „МХТ“-ს, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შესწირა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით პირველ მოვლენაზე, რადგან ჩეხოვთან მან სულ რაღაც 6 წელი იცხოვრა და აქედან 3 წელი წმინდა ეპისტოლარული ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, იმ 6 წელს ოლგა თავისი ცხოვრების უბედნიერეს და ნათელ პერიოდად მიიჩნევდა, სამწუხაროდ ანტონს და ოლგას არ ეწერათ შთამომავლობის დატოვება, ოლგას ორჯერ მოეშალა მუცელი და სამუდამოდ უშვილო დარჩა.
1904 წელს შედგა „ალუბლის ბაღის“ პრემიერა, სადაც ოლგა კნიპპერ-ჩეხოვა რანევსკაიას როლს ასრულებდა. ეს როლი ოლგამ ანტონ ჩეხოვის ბოლო ამოსუნთქვამდე და მისი სასცენო მოღვაწეობის დასასრულამდე ითამაშა.
პრემიერიდან სულ ცოტა ხანში მოხდა ისე, რომ...
ოლგასადმი მიწერილ ბოლო წერილში ჩეხოვი წერდა: „გამარჯობა ჩემი ცხოვრების უკანასკნელო გვერდო, რუსული მიწის უდიდესო არტისტო“...
საქმე იმაშია, რომ ტუბერკულოზის გამწვავების გამო ექიმებმა ანტონს რომელიმე კურორტზე დასვენება უჩიეს. ოლგამ შვებულება აიღო და ანტონთან ერთად გერმანულ კურორტ ბადენვეილერში გაემგზავრა. ცოლ-ქმარი, როგორც იქნა, ერთად შეიყარა, სულის მოსათქმელად, როგორც ეგონათ... ჩეხოვი ლანდივით გამოიყურებოდა და „ამქვეყნად“ ყოფნისა უკვე არაფერი ეტობოდა. სულ იწვა, სულ ციოდა, სულ... სულ... სულს ღაფავდა.
1904 წლის 2 ივლისს ანტონ ჩეხოვმა ექიმი მოითხოვა, რომელსაც გერმანულად უთხრა, ვკვდებიო და... უცებ ექიმმა მისტიური სიტყვები წარმოთქვა და დაჟინებით გაუმეორა, სასწრაფოდ დალიეთ შამპანურიო... ანტონს ბუნინისადმი მიწერილი სიტყვები გაახსენდა, საშინლად მეშინია ჯვრისწერის და შამპანურისო და... ბოკალი შეავსებინა, ძვლივს ასწია და ოლგას გახედა, რომელიც შელოცვილივით უღიმოდა... ანტონი მიხვდა, რომ ყველაფერი მთავრდებოდა... ამიტომ...
1904 წლის იმავე ღამეს ანტონ ჩეხოვმა ბოკალიც და სულიც ბოლომდე „დალია“...
36 წლის ქვრივი ჩეხოვის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდა წერილების წერას „იქ“ წასული ანტონისთვის და უყვებოდა, როგორ ცდილობდა და სწავლობდა მის გარეშე ცხოვრებას.
ჩეხოვის მეგობრებსა და სანათესაოს ოლგა არ უყვარდათ, ესაოდა, ამ გერმანელმა „ტუტუცმა“ დაავადებული ქმარი იალტაში „მიაგდო“, თავად კი მოსკოვში ცხოვრობსო, სამაგიეროდ ოლგას უდიდეს პატივს მიაგებდნენ თეატრალურ წრეებში, იცოდნენ, რომ ოლგას ნება რომ ყოფილიყო, იგი არასოდეს მიატოვებდა საყვარელ ქმარს, რომელსაც აღმერთებდა და დედამიწის ზურგზე საუკეთესო ადამიანად მიაჩნდა.
ოლგა კნიპპერ-ჩეხოვას ფანტასტიური გემოვნება ჰქონდა და არაჩვეულებრივად იცვამდა. მეგობრობდა ბლოკთან, რახმანინოვთან და იმ ეპოქის სხვა გენიოსებთან... ასაკში შესულს ძალზე უხდებოდა ვერცხლისფერი ჭაღარა. ქალისთვის კი, როგორც მოგეხსენებათ, მთავარი მაინც თვალებია... ჰოდა, თვალები კვლავ ახალგაზრდულად და „მანიშნებლად“ უელავდნენ ოლგას. იგი კვლავ საოცარი სიმსუბუქით დადიოდა, ხოლო მისი ელეგანტური ტანი და წვრილი წელი ბევრ ახალგაზრდა გოგონას შეშურდებოდა. ამბობენ, რომ ოლგას ნატიფად ჩამოთლილი თითები ჰქონდა, ბრილიანტებით „მოჭედილი“ ხელით კი ხან მარაოს და ხან პაპიროსს „იქნევდა“...
მოკლედ 60 წლის ოლგას სიგიჟემდე შეუყვარდა მასზე 30 წლით უმცროსი დრამატურგი ნიკალაი ვოლკოვი. მათი რომანი მალე გამოაშკარავდა, რის გამოც ვოლკოვის მეუღლემ, მსახიობმა ბელლა კაზაროვამ თავი მოიკლა, რასაც, ქმრის ღალატის გარდა, შვილის სიკვდილმაც შეუწყო ხელი. ამის შემდეგ ოლგა და ნიკალაი სამუდამოდ დაშორდნენ...
1958 წელს ოლგა კნიპპერ-ჩეხოვა ბოლოჯერ გამოჩნდა სცენაზე და ისიც თავის 90–წლის იუბილეზე (იხ. ფოტო). ოლგამ 91 წელი იცოცხლა და სიბერეშიც კი ლამაზი და ელეგანტური იყო, თუმცა... ვერაფერს ხედავდა. მას ხშირად სტუმრობდა სვიატოსლავ რიხტერი, რომელიც ძველ პიანინოზეც კი დამატყვევებლად უკრავდა. ოლგას არც მისი ძმისშვილი ლევ კნიპპერი ივიწყებდა და მამიდას თავის ცნობილ ნაწარმოებებს ასმენინებდა.
ოლგა კნიპპერ–ჩეხოვა გარდაიცვალა 1959 წელს. იგი დაკრძალეს მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მეუღლის, ანტონ ჩეხოვის გვერდით. წყვილის საფლავების ირგვლივ „თავმოყრილია“ მთელი თანავარსკვლავედი ადამიანებისა, რომლებთან ერთადაც ოლგამ მთელი ცხოვრება გაატარა: სტანისლავსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო და... ისინიც კი, ვისაც ოლგას გამო სიცოცხლე „გაულამაზდა“, ან პირიქით, მათ შორის ოლგას ბოლო „კავალერი“ ვოლკოვი და მისი მეორე მეუღლე - დარია ზერკალოვა... იქვეა ვოლკოვის პირველი მეუღლის ბელლა კაზაროვას საფლავიც, რომელმაც მისი ღალატის გამო მოიკლა თავი... რა საოცარია ცხოვრება...
სრულიად შესაძლებელია, რომ „ჟანრობრივად“ განსხვავებული სპექტაკლების დადგმა „იქაც“ გრძელდებოდეს, მაგრამ... ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ და მით უფრო, ვერ დავესწრებით...
და მაინც... Ars longa, vita brevis...