logo_geo
eng_logo
ცირა კობიაშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველას
- +

6 ივნისი. 2016. 19:29


 

ცირა კობიაშვილი არის „იქს ფაქტორის" ის მონაწილე, რომლის შესახებაც ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ვებგვერდებზე თუ პრესის ფურცლებზე.


მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაშინ გაჩნდა, როცა ცირა და სოფო ნიჟარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წინა ტურზე ცირა აუტსაიდერებში მოხვდა. თუმცა ჟიურიმ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო და მომღერალი კვლავ აგრძელებს ბრძოლას „იქს ფაქტორისთვის".


- ცირა, ნიუსები შენს შესახებ ინტერნეტსივრცეში რეკორდებს ხსნის, როგორ გგონია, რატომ ხარ ასეთი პოპულარული, რით გამოირჩევი დანარჩენი კონკურსანტებისგან?


- ჰო, ცუდი გამოხმაურება უფრო მეტი აქვს ჩემს ინტერვიუებს, კომენტარებს, ვიდრე კარგი...


- რატომ, რატომ არ უყვარხარ ხალხს?

 

- ასე ვერ ვიტყვი, რომ ხალხს არ ვუყვარვარ. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს. ზედმეტი პოპულარობა იწვევს, ალბათ, ამას. მაყურებლის უმეტესობას ვაღიზიანებ.


- არანაკლებად პოპულარულები არიან სხვა კონკურსანტები, მაგრამ ასეთი აგრესიით არ ხვდებიან მათ...


- გადამეტებული მეჩვენება ეს ყველაფერი, ჩემი ლანძღვა მოდური გახდა. ალბათ, საზოგადოებას არ მოსწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან, და ბოლომდე გააქვთ თავისი. მებრძოლი ადამიანები არ უყვართ. მთიელი ვარ, მოხევე, საბოლოოდ გამოვავლინე მთის სული, ხასიათი. მთიელ ქალებს მებრძოლი, ხისტი და ფიცხი ხასიათი აქვთ. თუმცა, ამ ყველაფერს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ ვინმე გავაღიზიანო, დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩემი ხისტი ხასიათით ღიზიანდება. ჩემთვის მთავარი ადამიანობაა. ბევრმა არ იცის რა ხდება შიგნით. მწყინს როცა სხვანაირ შთაბეჭდილებას ვტოვებ ხალხზე. რეალურად ძალიან თბილი ადამიანი ვარ, ხუთი წუთის წინ გაცნობილ ადამიანთანაც კი შემიძლია ვიმეგობრო. ვერ ვიტან უსამართლობას, უმიზეზოდ ადამიანების ლანძღვას...


- ცირა, შენ თქვი, რომ არავინ იცის რა ხდება შიგნით. რა ხდება, რა არ ვიცით ჩვენ?


- რა ხდება და ყველას ისეთი ხასიათი აქვს, როგორიც მე. უბრალოდ, ისინი კარგად ინიღბებიან, არ ავლენენ, ოსტატურად თამაშობენ. მე ყალბი ღიმილი არ შემიძლია, როცა გაბრაზებული ვარ, გაბრაზებული ვარ, ვერ ვმალავ ემოციებს. დანარჩენებს შეუძლიათ ბევრნაირი ნიღაბი მოირგონ. მე ნიღბებს არ ვირგებ, ვარ ის, რაც ვარ.


- ყველაზე მძიმე მომენტი რა გახსენდება ამ პროექტიდან, რამაც მდგომარეობიდან გამოგიყვანა?

 

- ყველაზე მეტად გამაღიზიანა ფაქტმა, როცა „ფეიკი" მიწოდეს. სცენაზე როცა გამოვდივარ, მართლა სხვა ადამიანი ვხდები. როცა მომღერალი სცენაზე გამოდის, მთელ ემოციას, სულს, გულს, სიმღერაში დებს და ამას ბუნებრივად აკეთებს, არ არის ლამაზი მას ყალბი უწოდო. მეწყინა, ცოტა მეწყინა. მაგრამ მერე გადამიარა.


- ამაზე მერე ისაუბრეთ შენ და სოფომ?


- არა. ასეთი რაღაცები ხდება. ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ახლა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება.

 

- მას მერე რაც აუტსაიდერი გახდი, ელოდი, რომ ჟიური მოგცემდა შანსს გაგეგრძელებინა ბრძოლა „იქს ფაქტორისთვის"?


- ველოდი აუტსაიდერებში დგომას. დილით რომ გავიღვიძე, ჩემი თავი აუტსაიდერებში წარმოვიდგინე. მერე თავს შევუძახე, გადაეგდო ეს ფიქრები, არ გაეშვა კოსმოსში, რომ მერე უკან არ დამბრუნებოდა. აუტსაიდერი რომ გავხდი იქიდან უკვე არაფერი მახსოვს. ძალიან გამიხარდა, რომ დავრჩი პროექტში.


- თუმცა არც ისე კარგ ხასიათზე ჩანდი, ჩემთან ინტერვიუში საყვედურობდი მაყურებელს, რომ არ დაგიჭირეს მხარი...


- ჰო, როცა ამდენს შრომობ, წვალობ, ცდილობ გააკეთო შოუ, ისწავლო ცეკვა, ამ ნომრისთვის და არ გიფასდება, ყველა კონკურსანტს სწყინს. რატომ არ მაქვს იმის უფლება რომ რაღაც მეწყინოს.


- მაყურებლის კრიტიკას დავუბრუნდეთ, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ შენ ჟიურის ჟურნალისტი დედის გამო გადაჰყავხარ ტურიდან ტურში...


- დედაჩემს ერთი დღეც არ უმუშავია „რუსთავი 2"-ში. თათია უკვე წლებია ეკრანზე აღარ არის. დედაჩემის სახელი მაშინაც არ გამომიყენებია, როცა დედა ტელეწამყვანი იყო. ჩემი აზრით, ეს არ არის სამართლიანი. ასე რომ, კოლეგიალობა აქ არაფერ შუაშია. მაყურებელი ჩემ მიმართ სოფოს შეფასების შემდეგ შეიცვალა. მანამდე ჩემი სიმღერაც მოსწონდა და სჯეროდა კიდეც ჩემი.

 

- იმასაც ამბობდნენ, რომ მაყურებელს თავი შეაცოდე შენი პირადი ტრაგედიით. რას გრძნობ, როცა მსგავს კომენტარებს კითხულობ?


- ამ დროს უსამართლობის განცდა მაქვს. არც ერთი ნორმალური, ჩამოყალიბებული პიროვნება, ოჯახში გაზრდილი ადამიანი, ასეთ რამეს არ იკადრებს. მე ეს მოვყევი, როგორც ჩემი სიყვარულის ისტორია. ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხომ არ მომიგონია?! თავიდან არც მინდოდა ამის თქმა, მენტორების კითხვებიდან გამომდინარე მომიწია თქმა, რომ ის ადამიანი აღარ არის ახლა ჩემს გვერდით. ამით მანიპულირება არც მინდოდა და არც მიცდია. ეს წინასწარ დაგეგმილი და დადგმული არ ყოფილა. ვინც ამას ფიქრობს, ალბათ, თვითონ მოიქცეოდა ასე. ოჯახში გაზრდილი გოგო ვარ და ასეთ რამეს არ ვიკადრებ, მით უმეტეს, როცა ეს ჩემს საყვარელ ადამიანს ეხება.


- კულუარებში იმაზეც საუბრობენ, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, თქვენ ნაჩხუბრები იყავით...


- ტყუილია.


- იმასაც ამბობდნენ, რომ მისი ოჯახი თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო...


- ესეც ტყუილია. მის ოჯახზე დღემდე ვგიჟდები.


- შენს ფეისბუქგვერდზე ვნახე მისი სტატუსი, სადაც ის გამშვიდებდა, წერდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ თქვენ კვლავ ერთად იქნებით და ა. შ.


- ყველა წყვილის ურთიერთობაშია კონფლიქტი. ჩვენც გვქონდა პატარ-პატარა პრობლემები. ყოველთვის იდეალურად არ იყო ყველაფერი, მაგრამ ოჯახები არაფერ შუაშია.


- მას მერე ახალი ცხოვრების დაწყებაზე არ გიფიქრია, არავინ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში?


- „იქს ფაქტორი" ჩემი ახალი ცხოვრებაა. ასე შეცვლაც არ მინდოდა, მაგრამ ეს პროექტი მეხმარება იმაში, რომ მუდმივად ჩემს ტრაგედიაზე არ ვიფიქრო. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს ტრაგედია ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, მაგრამ მე გავბედე და გადავდგი ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ. დროს უკან ვერ დააბრუნებ.

 

- როცა ჟიური შენს გარეგნობაზე, სექსუალურობაზე ამახვილებს ყურადღებას, გაღიზიანებს?


- ნაწილობრივ. ვერ ვიტყვი, რომ კომპლიმენტი გამაღიზიანებელია ჩემთვის, ეს ყველა ქალს სიამოვნებს. თუმცა ამ ტურზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მე სექსუალური და ლამაზი კი არა, ნიჭიერი ვარ და კარგად ვმღერი. დიდი მადლობა მას ამისთვის. ესეც აღიაზიანებს, ალბათ, ხალხს, ასეთი ხაზგასმა ჩემს ვიზუალურ მხარეზე. დაიღალა ყველა, მეც კი დავიღალე ამდენი სექსუალურობით. არ ვფიქრობ, რომ სექსუალური ვარ.


- რატომ? სარკე არ გაქვს?


- მაქვს, მაგრამ არ ვიცი... ჩემთვის იდელური ქალი სხვანაირია...


- რას გვიმზადებ შემდეგ ორშაბათს?


- აღარ ვიქნები აგრესიული, შემტევი. სცენაზე ვიქნები ნაზი, ჰაეროვანი და ასეთივე სიმღერას შევასრულებ. არ იქნება ქორეოგრაფია და დიდი დატვირთვა სცენაზე.


- ჩაცმის სტილი?

 

- ისეთივე ჰაეროვანი, როგორიც სიმღერა.


- რას ეტყვი მათ ვინც გგულშემატკივრობს?


- მაყურებელს ვინც მგულშემატკივრობს ვეტყვი, რომ არიან ძალიან ძლიერები, გონიერები და ჭკვიანები, იმიტომ, რომ არ აყვნენ პროვოკაციას და ბოლომდე ირწმუნონ ჩემი.


- და მათ ვინც გლანძრავს?


- თუ ეს მათ გულს უხარებს, მლანძღონ. მე ამით მაინც არაფერი მაკლდება.


- გაიარა იმ პერიოდმა როცა ეს გადარდებდა?


- კი, ასეა. არასდროს გავცემ პასუხს ადამიანს, რომელიც მიჯაჭვულია კლავიატურას იმისთვის, რომ სხვისი შვილი ლანძღოს. არავის აქვს ამის უფლება. გვიყვარდეს ერთმანეთი, ისედაც ცოტანი ვართ, ნუ შევჭამთ ერთმანეთს.


ნინო მჭედლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner