„ადრონული თერაპიის“ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში გამოიყენება ე.წ. მძიმე ნაწილაკების კონა. ეს არის დღეს არსებული ყველაზე თანამედროვე მეთოდი“, - ამის შესახებ პროფესორმა, ონკოლოგმა რემა ღვამიჩავამ ,,იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ადრონული თერაპიის“ მეთოდით შესაძლებელია სიმსივნის მკურნალობა მინიმალური დაზიანებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ კონფერენციაზე მიწევს სიარული, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ონკოლოგიაში ხდება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ „ადრონული თერაპია“ მე არ მინახავს იმიტომ, რომ ეს ძალიან ცოტაა. პაციენტებს მიეცემათ არა მარტო იმედი, არამედ რეალური შანსი. „ადრონული თერაპიის“ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში გამოიყენება ე.წ. მძიმე ნაწილაკების კონა. ეს არის დღეს არსებული ყველაზე თანამედროვე , ყველაზე ეფექტური მეთოდი მარტივი პრინციპის გამო - იმ მთავარ წერტილამდე, სადაც უნდა მიიყვანო სიმსივნიანი, მიგყავს მაქსიმალური დოზა, მაქსიმალური, რაც სჭირდება ამ კონკრეტულ სიმსივნეს სამკურნალოდ, მინიმალური დაზიანებით. მკურნალობაც არის ეფექტური“, - განაცხადა რემა ღვამიჩავამ.
რეგიონში პირველი, „ადრონული თერაპიის“ ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი , რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევითი ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.
ულტრათანამედროვე, ძვირადღირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი ,,ადრონული თერაპიის“ ცენტრი, ის, რაც ჯერ კიდევ ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის ფუფუნებად რჩება, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილი გახდება. სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უახლესი ტექნოლოგიით, თანამედროვე ამაჩქარებლით - ციკლოტრონით, ამ ცენტრში დაიწყება. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება.