logo_geo
eng_logo
24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს საერთაშორისო ფორუმს -„შეუზღუდავი შესაძლებლობები“
- +

23 სექტემბერი. 2019. 16:48

 

 

ბრიტანეთის საბჭოს ინკლუზიური ხელოვნების ორწლიანი პროგრამა საერთაშორისო ფორუმზე „შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ შეჯამდება.

 

24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს საერთაშორისო ფორუმს „შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“, სადაც შეიკრიბებიან ხელოვანები და პოლიტიკოსები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბრიტანეთიდან,  სომხეთიდან და უკრაინიდან. ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება და დისკუსია ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაზე ხელოვნების საშუალებით. შეუზღუდავი შესაძლებლობების ფორუმი წარმოადგენს „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის შემადგენელ ნაწილს.

„შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ არის ხელოვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში, იმ სულისკვეთებით რომ არ არსებობს შეზღუდვები მათთვის, ვინც ოცნებობს მიღწევებზე ხელოვნებაში.

 

„არგონავტები“ სწორედ ამ პროგრამის კულმინაციაა. ეს არის ბენ დიუკის, „Lost Dog“ სამხატვრო ხელმძღვანელის დადგმა, რომელიც შედგა უელი ო’ბრაიანთან, ჯემაიმა ჰოადლისთან და ელი დუგლას-ალანთან - „Candoco Dance Company“-ის არტისტებსა და პროდიუსერთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, და რომლის მსოფლიო პრემიერა გაიმართება თბილისში. „არგონავტები“ ნაჩვენები იქნება 25 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელწიფო დრამატულ თეატრში 20.00 საათზე.

 

„ჩვენ არგონავტების“ მეშვეობით შეუზღუდავი შესაძლებლობების პროგრამას სურს აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ათი პროფესიონალი და არაპროფესიონალი, შეზღუდული შესაძლებლობების და ტიპური განვითარების  შემსრულებელი სხვადასხვა ქვეყნიდან მუშაობდეს ერთად. შედეგი - პროფესიონალური პერფორმანსი, რომელიც შეიქმნა 20 დღეში კიევში, 2019 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გამართული სამი რეზიდენციის დროს. „არგონავტები“ - იასონისა და მედეას ისტორიის ფრაგმენტული თხრობაა, მოყოლილი სიტყვებით, მუსიკითა და მოძრაობით. წარმოდგენა გვიჩვენებს, თუ როგორ ვქმნით ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ თვითმყოფადობას ამბის თხრობის და ხელახლა გადმოცემის გზით. „არგონავტები“ წარმოდგენილი იქნება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ფარგლებში.

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სტარტს 23 სექტემბერს აიღებს სპექტაკლით  „111“ („ასი და თერთმეტი“) - ეს ორი განსაკუთრებული მოცეკვავის - ჯოელ ბრაუნისა და ევა მუცოს დუეტია. ჯოელი არის თვითნასწავლი ეტლით მოსარგებლე მოცეკვავე, რომელიც ცეკვავს „CandoCo“-ს დასში, ხოლო ევა შოტლანდიის ბალეტის ყოფილი პრიმა მოცეკვავეა. სპექტაკლები გაიმართება 20.00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

 

25 სექტემბერს, „CandoCo“ - დიდი ბრიტანეთის წამყვანი ინკლუზიური საცეკვაო კომპანია, რომელიც  27 წელზე მეტია მოღვაწეობს და სტაბილურად ქმნის შესანიშნავ ნამუშევრებს, ორ სპექტაკლს წარუდგენს ქართველ მაყურებელს:

 

„სახეში“, სენსუალური და ამაღელვებელი ოდაა ადამიანის პირადი განცდებისა და წარმოსახვისადმი, შთამბეჭდავი სახეებითა და ცეკვის გაბედული, უჩვეულო მანერით გამოხატული. ამ სამყაროში „კანდოკოს“ მოცეკვავეები ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი - წყალში: ცეკვავენ დიდი სიამოვნებითა და სილაღით, არ გვიმალავენ თავიანთი ბუნების უკიდურესობებს და მოხდენილად იცავენ წონასწორობას, რათა სასაცილო ბანალურისკენ არ გადაიხაროს.

 

„მოდი ვისაუბროთ ამაზე“ - ენერგიული, ცელქი და გულწრფელი ნამუშევარია, რომელიც მოცეკვავეების პიროვნულ სამყაროს, მათი სხეულების კვლევაზეა დაფუძნებული, იგი გიღვივებთ კითხვებს, თუ რა იდენტობასთან გაქვთ ახლა საქმე და როგორ ყალიბდებოდა იგი. სპექტაკლები გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში 25 სექტემბერს, 20:00 საათზე.

 

ბრიტანული სეზონი „UK/Georgia 2019“ ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის საელჩოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც განხორციელდება  2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე. „UK/Georgia 2019“ წარმოგიდგენს თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული. გაიგეთ მეტი, ჰეშთეგის #UKGeorgia2019 გამოყენებით.

 

„ბრიტანული სეზონი 2019“ დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ, პარტნიორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან „Georgia Capital“, „Bank of Georgia“, „BP“, „Adjara Group“ და „Wissol“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner