6 ივნისის მთავრობის სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარების ღონისძიებების თაობაზე მომზადებული განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთავრობის წევრებს განსახილველად დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენარჩუნება და მათი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. „დღეს განვიხილეთ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - იყალთოს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს ხევის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიხედვით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის, როგორც ტურისტული ობიექტის მიმზიდველობის შესაძლებლობები. პროექტის განხორციელებაში კოორდინირებულად ჩაერთვება რამდენიმე სამინისტრო, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ იყალთოს ხევის განვითარების გეგმა-კონცეფციას" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა. გარდა ამისა, მოხდება იყალთოს ხევში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ასევე იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება.
იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობ კომისიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.