რენესანსის ეპოქამ კაცობრიობას ბევრი საოცარი ნამუშევარი აჩუქა, მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც საიდუმლო სიმბოლოებსა და აზრებს ინახავს.
მათ რიცხვში შედის ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპის იგივე სანდრო ბოტიჩელის მიერ 1482 წელს დაფაზე, ტემპერით შესრულებული ნახატი Primavera. ნამუშევარი ასევე ცნობილია გაზაფხულის ალეგორიის (Allegory of Spring) სახელით.
სანდრო ბოტიჩელიმ “გაზაფხული” ლორენცო მედიჩის დაკვეთით დახატა. ლორენცოს სურდა ეს ნამუშევარი ბიძაშვილისთვის, ლორენცო დი პერფრანჩესკოსთვის ქორწილში ეჩუქებინა. ნახატი მომავალი ქორწინების ფილოსოფიური დარიგება გახდა.
“გაზაფხულის” თითქმის ყველა ელემენტი სიმბოლოებსა და ალეგორიებს შეიცავს.
გაზაფხული
გაზაფხულის ასაღწერად მხატვარმა სამი ფიგურა გამოიყენა. აქ მოიაზრება მითი იმის შესახებ, რომ მშვენიერ გაზაფხულის ქარს ზეფირს, ნიმფა ქლორისი შეუყვარდა და მან ის ყვავილობის ქალღმერთად, გაზაფხულად აქცია. ქლორისის პირიდან გველის სურო ამოდის, რომელიც შემდეგი ფიგურის გაგრძელებაა და ასევე ერთგულების სიმბოლოა. ამგვარად ბოტიჩელიმ ნიმფის ქალღმერთად ქცევის პროცესი ასახა.
თავად გაზაფხული, ფლორა ახალგაზრდა ქალის სახითაა წარმოდგენილი, მის კაბას ყვავილები ამშვენებენ. მოძრაობისას ის ვარდებს აფრქვევს გარშემო. ფიგურაზე გამოსახული ყვავილებიც არაა შემთხვევითი: ხახვისთავა – ალერსიანობის სიმბოლოა, ბაია – სიმდიდრის, გვირილა – ერთგულების, ხოლო მარწყვი – სინაზის.
ვენერა
ნახატის ცენტრში ვენერა ფორთოხლის კორომში დგას (ფორთოხლის ხე მედიჩის ოჯახის სიმბოლო იყო). თუმცა, ამჯერად ეს საბედისწერო ქალღმერთი არაა. ვენერა აქ მორცხვ, გათხოვილ ქალს წარმოადგენს. მისი მარჯვენა ხელი გარშემომყოფებს ლოცავს. ბოტიჩელის აზრით, ლორენცოს მსგავსი ქალი უნდა მოეყვანა ცოლად, რათა ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება ჰქონოდა.
მერკური
მერკური მითოლოგიაში გონებასა და მჭერმეტყველებას განასახიერებს. ძველ რომში მისი თვე მაისი იყო. ლორენცო დი პიერფრანჩესკოს ქორწილი მაისში უნდა გამართულიყო.
სამი გრაცია
გრაციები ქალის სამ სიკეთეს: უბიწოებას, სილამაზესა და სიამოვნებას აღნიშნავდნენ. მათ თავებზე განთავსებული მარგალიტები სისუფთავის ნიშანია. გრაციები ერთ ფერხულში არიან ჩაბმულები, თუმცა მათი მოძრაობები განსხვავდება. ასევე, სიამოვნება ზურგით დგას – ის მერკურის უცქერს.
ამური
ვენერის თავთან გამოსახული ამური კი ერთ–ერთ გრაციას უმიზნებს ისარს. მისი თვალები ახვეულია – სიყვარული ხომ ბრმაა. გავრცელებული ვერსიით ბოტიჩელიმ ამურის ფიგურაში საკუთარი თავი განასახიერა.