სავალუტო კურსის მერყეობის გამო, საგარეო ვალის დასაფარად ბიუჯეტიდან დამატებით 43 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აღნიშნულ დაფინანსებას 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.
„საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ შორის გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით“, – წერია ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში.
ამასთან, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 6 მილიონი ლარით. ეკონომია საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარეობს. საშინაო ვალის დასაფარად წელს 318 მილიონი ლარი მიიმართება.