დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. შესაბამისად, ამ მიზნით წელს ბიუჯეტიდან ჯამში 110 მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც საბიუჯეტო ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა იზრდება ხუთი ერთეულით, რაც გამოწვეულია უწყების საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით. თუმცა, სააგენტოსთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა არ იცვლება და კვლავ 3.8 მილიონი ლარი იქნება.
პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი 23 სექტემბერს წარედგინა. ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის ავტორია ფინანსთა სამინისტრო.
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.