logo_geo
eng_logo
განათლების სამინისტროს დაფინანსების 131 მლნ ლარით ზრდა იგეგმება
- +

24 სექტემბერი. 2019. 02:56

 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების 131 მლნ ლარით ზრდა იგეგმება. მიხეილ ბატიაშვილის უწყებისთვის დაფინანსების გაზრდა გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ განათლების სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება 1 639.5 მლნ ლარით განისაზღვრება. მათ შორის: სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება და 845.5 მლნ ლარს შეადგენს.

 

„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი ორი წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით. განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს“, – განმარტავს მთავრობა.

 

ამასთან, მთავრობის ცნობით, კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 11 მლნ ლარით გასაცემი ფულადი ჯილდოების დასაფინანსებლად და 32.2 მლნ ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner