„ეკა ბესელია ვალდებულია, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია იმიტომ, რომ ეს შესაძლოა, გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ის ამ განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ეკა ბესელია ვალდებულია, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია იმიტომ, რომ ეს შესაძლოა, გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი. თუ ის აცნობიერებს მისი სიტყვების მნიშვნელობას, ვალდებულია, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს. მე სერიოზულად ვერ მოვეკიდები ამ სიტყვებს და რაიმე სერიოზულ კომენტარს ამ ტიპის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ, თუმცა, თუ მან ასე განაცხადა, ამით გაუჩნდა ვალდებულება, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, როგორც ეკა ბესელია აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.