ნეორასიზმი, დასავლეთი, შიდა კოლონისტები და ირმა ინაშვილი - ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ინტერნეტტელევიზია „POSTV“-ს გადაცემაში „გურიზმები“ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობს, რომლის პირველი პანელი საქართველოში დემოკრატიის მომავლის განხილვას დაეთმო.
მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ IRI-ის დირექტორი სტივენ მიქსი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები.
„მაკ-კეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აშშ-ში მაკ-კეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“. ზუსტად ესაა კოლონიალისტური მიდგომა, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი და თავს უფლებას აძლევ, განიხილო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც დემოკრატიის განვითარებაა, საქართველოს ბედი გადაწყვიტო და ა.შ. ანუ შეეხო საკითხებს იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და დამნაშავეა. უფრო მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებ, შეიყვარონ გიგა ბოკერია და ისინი, ვინც მათ დამნაშავეებად მიაჩნიათ. ამით საზოგადოებას ფაქტობრივად ეუბნები, რომ მათი პოზიცია, მათი აზრი და მათი განწყობა საერთოდ არ გაინტერესებს. ესაა რეალურად კოლონიალისტური მიდგომა. ჩვენც ამ ცივილიზაციური რასიზმის, ნეოკოლონიალიზმის პერიოდი გვაქვს ახლა, სადაც ცოდნის და კულტურის მომტანი დასავლეთია. ეს დაახლოებით ის მოდელია, როგორც XIX საუკუნეში რუსი ჩინოვნიკები ქართველებს ამადლიდნენ ცივილიზაციის შემოტანას საქართველოში. ილია ჭავაჭავაძის „მგზავრის წერილებში“ ჩანს ეს ცივილიზაციურ-აღმზრდელობითი მიდგომების აბსურდულობა, როდესაც უკულტურო ოფიცერი ზემოდან დაჰყურებს სხვა, მასზე უფრო ძველი კულტურის წარმომადგენლებს“, - ამბობს გური სულთანიშვილი.
„ფილოსოფოსი საუბრობს იმაზე, თუ როგორ იქცევიან შიდა კოლონისტები, ვინ არიან ისინი და როგორ უყურებს ხალხი ამ ყველაფერს, როდესაც მათ გარეშე წყდება მათი ბედი.
კოლონიალისტებს ყოველთვის ჭირდებოდათ შიდა დასაყრდენი, ისინი მათ შეაქებდნენ, გაათამამებდნენ, დაასაჩუქრებდნენ და საკუთარი საქმის კეთებაში დიდ როლს ასრულებინებდნენ. ეს შიდა კოლონისტია, რომელსაც ისე უნდა მოექცეს საკუთარ მოქალაქეს, როგორც თავის დროზე ევროპელი კოლონისტი ექცეოდა აფრიკელს ან აზიელს. როდესაც ირმა ინაშვილი არ შეუშვეს იმ პანელზე, სადაც ირმას ბედსაც წყვეტდნენ ირმას გარეშე და ასევე ეხებოდნენ საქართველოს პრობლემებს, ოღონდ ქართველების გარეშე, ეს იყო კლასიკური შემთხვევა ცივილიზაციური რასიზმისა. შიდა კოლონისტი, როგორც წესი, უფრო დაუნდობელია ხოლმე, იმიტომ რომ მისი მიზანია, თავი მოაწონოს დამპყრობლებს, და ის არ არის ანგარიშვალდებული ხალხთან, ხალხისგან არ იღებს ლეგიტიმაციას. გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და მაგალითად გიგა ბოკერია, რომლის ერთადერთი მიზანიც ეგ იყო, გარე ლეგიტიმაცია და დასავლეთზე თავის მოწონება, ხოლო შიდა განწყობები არ ადარდებდა.
რატომ არიან ესენი ყველაზე დაუნდობლები? დაუნდობლობაზე შეგვიძლია ციხის მაგალითი ავიღოთ, სადაც პატიმარი, ე.წ. ნასედკა ხდება ბადრაგის დამხმარე და შიდა „პალაჟენიის“ დამყენებელი. ის უფრო დაუნდობელი ხდება პატიმრებისადმი, იმიტომ რომ მას საკუთარი ანგარიშები აქვს თავის სივრცესთან. შესაბამისად, ისტორიაც შიდა კოლონისტებს ცუდად ექცევა, ალჟირში ალჟირელებლებს, რომლებიც ფრანგებთან თანამშრომლობდნენ, არ უწონებდნენ ამ საქციელს, ანდაც რუანდაში, სადაც გამეხებულმა ჰუტუსებმა დიდი ხნის ნაგროვები ჩაგვრა მაჩეტეებში გადაიტანეს და ტუტსისების ხოცვა დაიწყეს.
ირმა ინაშვილს ფსევდოლიბერალებმა, ანუ შიდა კოლონისტებმა განსაკუთრებით აგინეს, სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში. არადა, ყველა წესით, ლიბერალიზმისთვის დღეს მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის ხაზი, ამას თუ ემატება დამატებითი გარემოებები, ხომ საერთოდ. მაგალითად, ქალი განვითარებადი ქვეყნიდან, რომელსაც ჩაგრავს განვითარებული, თეთრი ჰეტერო ქრისტიანი, ხვდებით, რამხელა ჩაგვრის ხარისხია? მაგრამ ამაზე ხმის ამოღების ნაცვლად, მაინც ირმა გაილანძღა. ამის მიზეზი, იცით, რა არის? ყოველი იდეოლოგია განსაზღვრავს, თუ რა არის, როგორია ადამიანი, შესაბამისად, ვინც ამ ადამიანის ტიპში ვერ ხვდება, მასზე არც ვრცელდება იდეოლოგია. ანუ ლიბერალური მიდგომა მხოლოდ ლიბერალებისათვის. ეს ისეთივე შემთხვევაა, როგორც ნიკა გვარამიამ რომ ქალზე გაიწია, ვინმე მთვარისაზე, და მას ფემინისტებმა არ დაუჭირეს მხარი, იმიტომ რომ სიბნელის ნიშნებს ატარებდა, ანუ კონსერვატიულად იყო განწყობილი.
ამ ყველაფერს ისე ვერ დავასრულებთ, ერთი ორი სიტყვა მიშიზმზეც რომ არ ვთქვათ.
ეს, რაც მოვყევი, ნეოკოლონიალიზმზე, შიდა კოლონისტებზე და ა.შ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი, სადაც უმაღლესი ავტორიტეტი იყო ამერიკა, ლეგიტიმაცია ხდებოდა იქიდან, ხოლო ქართველი ხალხი უბრალოდ განსავითარებელი ობიექტები.
2012 წელს, ამომრჩეველმა ერთ-ერთი რასაც უთხრა უარი, იყო ეს მიდგომები. „ქართულმა ოცნებამ“, მას თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება სურს, რაც გამოჩნდა ახალი პრემიერ-მინისტრის სიტყვებიდან, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან უნდა მიიღოს, შესაბამისად, ნუ შეეჯიბრება ბოკერიას და სამადაშვილს დასავლეთთან ფლირტში, წაგებული თამაშია ეგ. ხომ ხედავთ, მიშა ლიბერალიზმის პრინციპებს სრულად არღვევდა, „ოცნება“ უფრო იცავდა, თუმცა ლიბერალები მაინც მიშას ირჩევენ გადამწყვეტ მომენტებში. ფსონის დადება მათზე არ გამოდის. ეგ ნიში დაკავებულია უკვე.
აქ საუბარია იმაზე, რომ საკრალურობა უნდა გამოვაკლოთ ამ თემას, თორემ პრაგმატულად შეიძლება NATO-ც გვინდოდეს და ამერიკაც გვჭირდებოდეს, უბრალოდ, როგორც ძაღლი უყურებს პატრონს, ეგ მზერა უნდა მოვიშოროთ. აი, როდესაც გიგა ბოკერია, რომლის მეტაფიზიკურ მიზანს, უზენაეს იდეას წარმოადგენს მხოლოდ ამერიკული ჯარის ჩვენთან დაყენება და თითქოს ამის შემდეგ ცხოვრება ჩერდება, ეგ პრინციპი უნდა გადავიაზროთ. ახლა ნახეთ, თუ „ევროპული საქართველო“ და ნაციონალები შიდა კოლონისტები არიან, რომლებიც ციტირებენ იმას, რაც ცენტრში ხდება, ანუ სიმულირებენ, პროსახელისუფლებო ნაწილი, ლიბერალური ფლანგი მინიმუმ იმავეს უნდა აკეთებდეს, თუ პროდასავლურობაზეა საუბარი და არა ბაძავდეს და უნდოდეს გახდნენ გიგა ბოკერიები და სალომე სამადაშვილები. თორემ ეს ორმაგი ტრაგედია გამოვა, მიბაძვის მიბაძვა. სიმულაციის სიმულაცია, სადაც რასაც ვბაძავთ, ანუ დასავლეთს, ის საერთოდ დაგვეკარგება და გამოგვეცლება ხელიდან“, - ამბობს გური სულთანიშვილი.