რატომაა ხათუნა გოგორიშვილზე ნაწყენი, რას ეძახდა ზურაბ ჟვანია, უნდა თუ არა კულტურის მინისტრობა და ვინ უფინანსებს დათო ოქიტაშვილს კულტურის არხს
იმაზე, რასაც დღეს წაიკითხავთ და გაიგებთ, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს საჯაროდ არასოდეს ულაპარაკია. ახლა, შეიძლება, იკითხოთ, დათო ოქიტაშვილმა ისეთი რა უნდა იცოდეს, რომ „დავიშოკოთო", მაგრამ მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ „ოქიტასთან" ვმეგობრობ, გავოგნდი... მაშ ასე, თქვენს წინაშე ქართული „კულტურის ლომის" ან, სულაც, როგორც ცხონებული ზურაბ ჟვანია ეძახდა, „შავი მარგალიტის" არაჩვეულებრივად გულახდილი ინტერვიუა, რომლის წაკითხვაც, მერწმუნეთ, ღირს!
- დათო, როგორ ხარ?
- ძალიან კარგად!
- ტელეფონით საუბრისას ისეთი რაღაც მითხარი, გავოცდი - ვერ წარმოვიდგენდი, ცუდი სიტყვები თუ იცოდი!
- (იცინის) გეტყვი, ძალიან კარგად რატომაც ვარ: ძალიან დიდი ხსნის ოცნება ამიხდა - „ტვ 8"-ის ბაზაზე, საქართველოში კულტურის არხი იხსნება, რომელსაც ერთ-ერთი არაბული ქვეყნის წარმომადგენელი შეიხი დააფინანსებს. მოკლედ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს კულტურის პალატას დამოუკიდებელი მაუწყებლობა ექნება, სადაც კულტურის წარმომადგენლებს შეეძლებათ, ყოველგვარი გადახდისა და ფულის გარეშე თავიანთ პროდუქციას რეკლამირება გაუწიონ.
- არ დაგიმალავ და, ამაზე ინფორმაცია მქონდა... კულტურის არხი ეთერში როდის გავა?
- ვფიქრობთ, სექტემბრიდან ამუშავდეს. საქართველო ისეთი კულტურის ქვეყანაა, ღირსია, კულტურის დამოუკიდებელი არხი ჰქონდეს.
- ახალ ტელევიზიას რა ერქმევა?
- სახელზე ვფიქრობთ... ვანო, პირველი ადამიანი ადამიანი ხარ, ვისაც ამაზე ხმამაღლა ვუთხარი!
- ტელევიზიის დირექტორი იქნები?
- არა... ტელეარხი კომპეტენტური სახეებითა და იმ ჟურნალისტებით დაკომპლექტდება, ვისაც კულტურის მიმართულებით რაღაც გაუკეთებია... კულტურის პალატა ამ ტელევიზიასთან ერთად, უბრალოდ, კულტურის პოლიტიკას გაატარებს.
- მოიცა, კულტურის სამინისტრო გაუქმდება?
- კულტურის სამინისტრო რა შუაშია?
- რა შუაშია და, ქვეყანაში კულტურის პოლიტიკის გატარება სწორედ ამ უწყებას ევალება!
- კულტურის სამინისტრომ კულტურის პოლიტიკა გაატაროს და, პრობლემა არაა, თუ ეს ტელევიზია, კულტურის პალატის გარდა, სამინისტროს ღონისძიებებსაც გააშუქებს!
- ისე, დიდი ავანტიურისტი ბიჭი ხარ - კულტურის სამინისტროს ჩასაძირად ახალი გზა მოგიძებნია!
- (გულიანად იცინის) არა, არა... სიმართლეს გეტყვი: გაღიზიანება და ასეთი რაღაცები არ მაქვს. ყველას მუშაობის თავისი სტილი აქვს... ვანო, კარგად მიცნობ და იცი, არ შემიძლია, სადღაც ოთახში რომ გამომკეტონ. ჩემი ოთახი სულ ღიაა. ისე, თუ მიხვდები, კულტურის პალატაში რამდენი ადამიანი მუშაობს?
- ალბათ, 50...
- არა, კულტურის პალატაში, ჩემი ჩათვლით, 5 ადამიანი მუშაობს... მართალია, ვმეგობრობთ, მაგრამ ვიცი, თუ ტყუილს ვიტყვი, არ მაპატიებ და ამიტომაც ვამბობ: ამხელა საქმეს მხოლოდ ხუთნი ვაკეთებთ! მივხვდი, 200 და 300-კაციანი შტატი არაა საჭირო და საქმე, თუ ნორმალური მენეჯმენტია, თავისუფლად შეიძლება, 20-მაც გააკეთოს.
- ესე იგი, თავისუფლება გაქვს, არა?
- დიახ.
- ჰოდა, გამაგებინე, ეს კულტურის მინისტრობა რაღად გინდა?
- (გაოცებული) კულტურის მინისტრობა მინდა?
- ჰო, მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობს...
- ჩემს თავისუფლებას არასოდეს არაფერზე გავცვლი, არ ვიცი, ეს ჭორი ვინ და რატომ ააგორა. ახლა კულტურის პალატას თავისი არხიც ექნება და სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ამ დამოუკიდებლობას ჩინოვნიკურ რაღაცაზე გავცვლი... ამიტომ ყველა, ვინც ჩასაფრებულია, შეუძლია, წყნარად იყოს. ისე, ხმა მეც მომდის, დათო ოქიტაშვილი რაღაც სიბინძურეებს აგორებსო, მაგრამ ასე არაა.
- გინდა, სხვა ჭორიც გითხრა?
- ჰო, მითხარი...
- მიხეილ გიორგაძეს, თურმე, ზაზა შენგელიასთან ერთად ებრძვი...
- ვაიმე... ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან, როცა ადამიანი იბრძვის, კულისებში არ იქნება! თუ რამე მინდა, გამოვალ და ვიტყვი... ჟურნალისტებმა დამირეკეს, მაგრამ ინტერვიუ არ მივეცი. ახლა კი შემიძლია, კულტურის მინისტრს, რომელიც ჩემი მეგობარია, შევუთვალო: შეუძლია, წყნარად იყოს! კულტურის მინისტრობა ნამდვილად არ მინდა! კულტურის სამინისტროს არ ეწყინოს, მაგრამ კულტურის პალატა მასზე არანაკლებ ქართულ საქმეს აკეთებს!
- ანუ კულტურის სამინისტრო რუსულ საქმეს აკეთებს?
- ეს არ ვიცი, მაგრამ კულტურის სამინისტროს პრიორიტეტი, პირველ რიგში, ის უნდა იყოს, რომ ქართულ მწერლობასა თუ თეატრს პატივი სცეს... როცა რაღაც ღონისძიებები იბლოკება და არ ფინანსდება, ადამიანებს გული სწყდებათ. შეიძლება, კარგია, რომ სხვები ჩამოვიდნენ და წავიდნენ, მაგრამ პირველ რიგში, შენი ხელოვანები უნდა დააფასო... საქართველოში ძალიან ბევრი ხელოვანია. ერთი წელია, კულტურის არხზე ვმუშაობ, რადგან მინდა, ამ ადამიანებს სივრცე მივცე, სადაც ყოველგვარი ბორკილებისა თუ დავალების გარეშე დასხდებიან და ისაუბრებენ. შემიძლია, ხატის წინ დავიფიცო, ორ შვილს გეფიცები, რომ კულტურის სამინისტროს ნამდვილად არ ვებრძვი, არც ვინმესთან ალიანსში ვარ და შეუძლიათ, წყნარად იყვნენ იმიტომ, რომ კიდევ ვამბობ, ჩემს თავისუფლებას არასოდეს, არაფერში გავცვლი!
- შეიძლება, შენ არ გინდა, მაგრამ კულტურის მინისტრობა "ოცნებამ" რომ შემოგთავაზოს, მაინც უარს იტყვი?
- ჩათვალე, რომ მაშინ კულტურის არხი აღარ იარსებებს!
- დათო, არ გეშინია?
- რისი?
- რისი და, არაბმა შეიხმა, რომელიც კულტურის არხს დააფინანსებს, ჩვენი ქართველობა და ტრადიციები რომ წაგვართვას, რა გვეშველება?
- (იღიმება) არ წაგვართმევს! არაბი შეიხი სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა! ვანო, რახან ექსკლუზივები გიყვარს, ერთსაც გეტყვი: არხის მმართველი მრჩეველთა 10-15-კაციანი საბჭო იქნება, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება, შენ, ან სხვა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან. არხის პოლიტიკას სწორედ ეს საბჭო განსაზღვრავს. შეიხი მხოლოდ დამფინანსებელი იქნება.
- და რა მიზანი ამოძრავებს?
- ის საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციას ახორციელებს და კულტურის არხს შეიძლება, ეკონომიკაც მიებას ანუ ინვესტორის ინტერესია, ამ არხზე ერთი-ორი საათი მის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაეთმოს.
- კულტურის არხზე ეთერი იმ ხელოვანებსაც დაეთმობა, ვინც „წაუნაციონალებენ"?
- ეს რა შუაშია? ნაციონალი, იმისიანი, ამისიანი არ მიყვარს. ტელევიზია და, მით უმეტეს, კულტურა ყველასია! ამ მთავრობის დამსახურება სწორედ ისა, რომ ასეთი დაყოფა აღარაა, თორემ რომ იყოს, ამასაც ვიტყოდი. მაგალითად, ყრილობაზე ანრი ჯოხაძე და სხვა ისეთი ადამიანები დაპატიჟეს, რომლებიც ნაცმოძრაობასთან ასოცირდებოდნენ...
- დათო, თავს როდის უფრო კომფორტულად გრძნობდი - „ვარდების რევოლუციამდე", რევოლუციის მერე, როცა ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო თუ დღეს უფრო კომფორტულად ხარ?
- როცა ჟვანია ცოცხალი იყო და დღესაც უფრო ბევრ საქმეს ვაკეთებ. ამ თემით სპეკულირება არ მინდა, რადგან ჟვანია რომ გარდაიცვალა და სიმართლე ვთქვი, ჩემზე ზეწოლა მოხდა. იძახიან, ოქიტაშვილი მედროვეა, ნაციონალებში იყო, ახლა აქააო, მაგრამ შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ არც ნაციონალი ვყოფილვარ და არც „ქოცი" ვარ. ზურაბ ჟვანია ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მისი ცოლი ჩემი შვილის ნათლიაა და სიმართლე მაინტერესებს, რეალურად, როგორ გარდაიცვალა და რახან ეს კითხვა გამიჩნდა, დავისაჯე - მცემეს. ერთ-ერთი პირველები ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, თაკო და მისი მეუღლე მოვიდნენ. ამას რომ ვიხსენებ, ალბათ, შემატყვე, ფერი შემეცვალა - ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი იყო... ცემის შესახებ „უცნობმა" „საკანში" გამოაცხადა, მაგრამ ვიდრე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანდნენ, იქ უკვე ერთ-ერთი ტელევიზიის „პე-ტე-ესი" იყო და პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა... ექიმს ჰკითხეს, ოქიტაშვილი არ მოუყვანიათო და ექიმმა მიუგო, არაო. ამ საუბარს რამდენიმე ადამიანი შეესწრო. ვანო, როგორც შენ, რეფორმატორების გუნდის მეც მჯეროდა და მათთან ვმუშაობდი, მაგრამ მინდა, ნიკა რურუას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, კულტურის სამინისტროდან რომ გამომაგდო - იქიდან რომ წამოვედი, უბედნიერესი ვიყავი, რადგან პროტესტი რომ გამომეთქვა, ამას სხვანაირად აღიქვამდნენ, მაგრამ მითხრეს, უნდა წახვიდეო. დარწმუნებული ვარ, ეს ცემაც შეკვეთილი იყო...
- საქმე გამოიძიეს?
- არა.
- არც ამ ხელისუფლებამ გამოიძია?
- არ მიმიმართავს, რადგან ჩემზე მეტად იმდენ ადამიანს სცემეს, ოჯახი ამოუწყვიტეს და უბედურებაში ჩააგდეს, ერთი დათო ოქიტაშვილის ცემაზე წივილ-კივილის ატეხვას აზრი არ ჰქონდა.
- თავდამსხმელები ქუჩაში რომ შეგხვდნენ, იცნობ?
- ვერა, „მასკებით" იყვნენ...
- უიმე, შენს საცემად „მასკა" რა საჭირო იყო!
- ვეუბნებოდი, თუ მანქანა გინდათ, წაიღეთ-მეთქი... დიაბეტიკი ვარ, პირი გამიშრა და ვეხვეწებოდი, წყალი დამალევინეთ-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ორ სიტყვას მეუბნებოდნენ, გაჩუმდი, ხმა არ ამოიღოო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რაზე უნდა გავჩუმებულიყავი. მერე მივხვდი, ყველაფერი ჩემმა ხმამაღალმა განცხადებებმა და ზურას ოჯახის დაცვამ გამოიწვია... წივილ-კივილი ატყდა, რატომ არ იჩივლაო, მაგრამ ვისთვის უნდა მეჩივლა?..
- ესე იგი, მოძალადეებს შენი მოკვლა არ უნდოდათ?
- თავდასხმა ისეთ ადგილას მოხდა, რომ ნდომებოდათ, მომკლავდნენ.
- თავი თვითონ გაგანებეს?
- არა, გამოვიქეცი.
- როგორ?
- „კაპიშონიანი" „სპორტული" მეცვა, ერთს ქუდით ვეჭირე, „ზმეიკა" ნელ-ნელა გავიხსენი და რაღაცნაირად გამოვიქეცი...
- თავდასხმამდე თვალთვალს ხომ არ გრძნობდი?
- არა, მაგრამ რომ ვამბობდი, ზურას გაზით გაგუდვის არ მჯერა-მეთქი, მეგობრები მაფრთხილებდნენ, დათო, გაჩერდი, ნუ ლაპარაკობო.
- პოლიტიკოსი მეგობრები გაფრთხილებდნენ?
- პოლიტიკოსი მეგობრებიც და ისინიც, ვისაც პოლიტიკასთან შეხება არ აქვთ... ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ზოგი მეუბნებოდა, დარწმუნდები, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობთო...
- მიშას დავალებით გცემეს?
- ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია: მათ მცემეს!.. 600 ლარამდე ფული მქონდა, ძვირფასი საათი და ოქროს ჯვარი მეკეთა, ახალი „ინფინიტი" მყავდა, მაგრამ ხელი არაფერს ახლეს. ცემის მიზანი დაშინება იყო, რომ გავჩუმებულიყავი.
- გასაგებია, რომ სამართალდამცავებისთვის არ მიგიმართავს, მაგრამ ნაციონალებში მეგობრები ხომ გყავდნენ და ე.წ. პირადი არხებითაც არ გიცდია, გაგერკვია, ვინ და რატომ გცემა?
- ეს თემა ისე დაიხურა, რომ არავინ გამკარებია. ჩემთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი - ხათუნა ხოფერია, რომა კუსიანი, ზურა ბიგვავა და, რასაკვირველია, ზურა ჟვანიას ოჯახი მოდიოდა.
- მგონია, რომ სამართლებრივი გზით მანიც უნდა წასულიყავი...
- ჩემს ოჯახსა და ორ შვილს გავუფრთხილდი. ჩემი შვილი უკვე გათხოვილია და ამაზე საჯაროდ პირველად ვლაპარაკობ: 2012 წლის არჩევნების წინ, განცხადება გავაკეთე, მართალია, არ ვიცოდი, „ოცნება" გაიმარჯვებდა თუ არა, მაგრამ რაღაც იმედი მომეცა, რომ ერთად ნორმალური ხალხი შეიკრიბა და ჩემს კოლეგებს მივმართე, იქ დადექით, სადაც სიმართლე იზეიმებს-მეთქი. დაფარული ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, 14 წლის ქალიშვილი გყავს და გაუფრთხილდი, რომ ტყეში რაღაც მდგომარეობაში არ იპოვოო.
- ანუ შვილის გაუპატიურებით დაგემუქრნენ?
- ჰო... ვიდრე თათა არ გათხოვდა, ამაზე არავისთვის მითქვამს! რომ გათხოვდა, ყველაფერი მოვუყევი... ვაიმე, ახლაც რომ ვიხსენებ, სულ ოფლმა დამასხა... არჩევნების შედეგების გამოცხადებას, ოჯახთან ერთად, ნინო სუხიშვილის სახლში ველოდი.
- რატომ?
- მე და ჩემს მეუღლეს, ირინას ასეთი გეგმა გვქონდა, თუ "ოცნება" წააგებდა, გამზადებულები ვიყავით, რომ ბაქოში წავსულიყავით, სადაც ძალიან ახლობელი მყავს - ცნობილი სახალხო არტისტი თარანა მურადოვი... შენ ვერ წარმოიდგინე, შედეგები რომ გამოცხადდა, რა დღეში ვიყავით - ნახევარი საათი ვტიროდი და ვეღარ მაჩერებდნენ.
- რა გატირებდა?
- მივხვდი, რომ ამ ქვეყნიდან ვეღარავინ გამაგდებდა და ბავშვები დაცულები იქნებოდნენ! არ ვამბობ, რომ ეს მთავრობა გადასარევია...
- დათო, ობიექტური ადამიანი ხარ?
- ვცდილობ, ობიექტური ვიყო და ახლა, სწორედ ამაზე გადავდივარ.
- გკითხავ და ისე გადადი...
- კარგი...
- „ოცნების" მთავარი მესიჯი სამართლიანობის აღდგენა იყო და უცებ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე „ოცნების" სასამართლოს ხერხემალი გახდა. სხვა უამრავი, თუნდაც ჟვანიას საქმე ისევ გამოუძიებელია. მოკლედ, „ოცნებამ" დანაპირები შეასრულა თუ არა?
- 2012 წელს, „ოცნების" მთავარი დაპირება იყო, რომ საზოგადოებას პოლიტიკური რეჟიმისგან გაათავისუფლებდა და სამართლიანობა აღდგებოდა. რასაკვირველია, ძალიან ბევრი შეცდომა აქვს, მაგრამ იმედია, გამოასწორებს. „ოცნებას" და მთავარ პროკურატურას კითხვას მეც ვუსვამ - როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, მაინტერესებს, ბატონი ზურაბ ჟვანიას საქმე როდის
დამთავრდება? იქნებ, არასწორად ვიცავთ და ზურა დამნაშავე იყო? შეცდომები აქვს, მაგრამ იმ მთავრობას „ოცნება" ასი წელი მირჩევნია და იცი, რატომ? - ჩემს შვილს გარეთ რომ გავუშვებ, ვიცი, სახლში დაბრუნდება და ვიღაც ქუჩაში არ დაიჭერს ან რომელიმე ჩემს მეგობარს ღამე ნოტარიუსთან არ წაიყვანენ და ქონებას არ წაართმევენ. პირველი დამსახურება, რაც „ოცნებას" მიუძღვის, ისაა, რომ მკვლელები მოგვაშორა! ისე, მხოლოდ პროკურატურაში კი არა, თუნდაც კულტურისა თუ განათლების სამინისტროში ნაციონალები არიან ჩაბუდებულები. როცა ვკითხულობ, როგორ შეიძლება, კიდევ ისინი მუშაობდნენ-მეთქი, მპასუხობენ, შენ, რა, დიქტატორი ხარ და მათი სამსახურიდან გაყრა გინდაო?! ამას არ ვამბობ, მაგრამ ვანო, გახსნილად პირველად ვლაპარაკობ და ამ ადამიანებს მივმართავ: თუ „ქართული ოცნება" არ მოგწონთ, როგორ შეიძლება, მასთან მუშაობდეთ? ნინა წკრიალაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ - კულტურის სამინისტროდან არავის გაუგდია, მაგრამ, როცა „ქართული ოცნება" მოვიდა, თქვა, მხარს არასოდეს გიჭერდი, არც დაგიჭერო და განცხადება დაწერა.
- მაშასადამე, ნინა ღირსეულად მოიქცა!
- დიახ, ღირსეული ადამიანია. ბევრი კი უღირსია - ხელფასს ამ მთავრობისგან იღებს, მაგრამ მაპატიე და, ილანძღება. არავის ეწყინოს და საკადრო პოლიტიკა - ვინ საიდან მოდის და ვინ სად ინიშნება, ჩემთვის გაუგებარია...
- დათო, რაღაცებში ჩაღრმავება არ მინდა, მაგრამ გახსოვს, მე და შენ ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში გავხდით მოწმენი, თუ როგორ დაიწყეს ნაციონალებმა „გაქოცება"...
- დიახ... ზოგი თეთრცხენიან მიშას ელოდება. ღმერთმა ყველა ამუშაოს - ის ადამიანი არ ვარ, ვინც ყველას ქუჩაში გაყრის მომხრეა, მაგრამ მხარს დღესაც ნაცმოძრაობას უჭერენ და სააკაშვილის მოლოდინში არიან, ხელფასს კი დღევანდელი ხელისუფლება აძლევს. ვანო, თუ არასწორად ვლაპარაკობ, მითხარი...
- მესმის, რასაც აპროტესტებ, მაგრამ, როგორც ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუნდაც ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის პრობლემა არ გაქვს და ამ კითხვებს რატომ არ უსვამ?
- საშუალება არ მომეცა... არადა, მინდა, ამ ადამიანს შევხვდე და ყველაფერზე გახსნილად დაველაპარაკო.
- დალაპარაკება, მაინც, რაზე გინდა?
- ამ ადამიანმა მართლაც, ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასთან სწორი ინფორმაცია არ მიდის!
- სწორ ინფორმაციებს ვინ ბლოკავს?
- არ ვიცი...
- არც ის იცი, დღეს კულტურაში „რუხი კარდინალი" ვინაა?
- არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს, თუმცა, თუკი ვინმე კულტურის პალატას არასწორად შეეხება, „რუხი კარდინალი" კი არა, ვინც უნდა იყოს, სასწაულს ვიზამ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს...
- დათო, რაკიღა გულწრფელობის არაჩვეულებრივ განწყობაზე ხარ, დამიდასტურე ან უარყავი...
- რა?
- როგორც ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის წინ, „ოცნება" მერიაში, ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას გპირდებოდა, მაგრამ „გადაგაგდო"...
- არა, თათას გეფიცები, ჭორია.
- შეიძლება, ჭორია, მაგრამ შენს საქმეში ნამდვილი ლომი ხარ და არ „გაგიტყდა", „ოცნებამ" მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობა რომ არ შემოგთავაზა?
- აბა, კულტურის პალატა ვინ გააკეთა?
- ვინ?
- ვინ და, „ქართულმა ოცნებამ" და სავაჭრო სამრეწველო პალატამ, თუმცა კულტურის პალატა დამოუკიდებელი სსიპ-ია და დაფინანსებასაც არ იღებს.
- ეს გავიგე, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა, „ოცნებას" იმ თანამდებობაზე დაებრუნებინე, საიდანაც ნაცებმა გამოგაგდეს...
- მერიაში სამუშაოდ შეიძლება, არც წავსულიყავი. ბედნიერი ვარ, რომ კულტურის პალატა არსებობს. მერიაში კი არაჩვეულებრივი ია მაქაცარიაა და ყველა პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ, გვიფინანსებენ.
- ჩვენში დარჩეს და, ვიღაცებს შენი საქმიანობაც არ მოსწონს. პრეტენზიები კონკრეტული ადამიანების ვარსკვლავების გახსნაზეც არსებობდა...
- როცა მაკრიტიკებენ, თქვან, ვისი ვარსკვლავი არ მოსწონთ, თან ვარსკვლავს კულტურის პალატა კი არ ხსნის, უბრალოდ, შემსრულებელია - ჩვენთან წერილი შემოდის.
- ვისგან?
- ესა თუ ის დაწესებულება, ვთქვათ, თეატრის მოღვაწეთა, ან კომპოზიტორთა კავშირი მოგვმართავს, ამა და ამ ადამიანს, გთხოვთ, ვარსკვლავი გაუხსნათო. სხვათა შორის, კითხვა რამდენიმე ვარსკვლავზე გაჩნდა, მაგრამ 2008 წელს ეს პროექტი ბატონმა რურუამ ჩამომართვა და 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ვარსკვლავებს კულტურის სამინისტრო ხსნიდა. პირველი, რაც „ქართულმა ოცნებამ" ჩემთან მიმართებაში გააკეთა, ის იყო, რომ საქმე, რომელსაც 2000 წლიდან ვაკეთებ, ოდიშარიამ დამიბრუნა.
- ვინ ოდიშარიამ, ჩემმა მირიანემ?
- დიახ, ბატონმა გურამ ოდიშარიამ დამიბრუნა, რისთვისაც მადლობას ვეუბნები. სხვათა შორის, კულტურის მინისტრის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, ბადრი გრუზინსკი ამბობდა, იქნებ, დავფიქრდეთ, ეს პროექტი ოქიტაშვილს დავუბრუნოთ თუ არაო, მაგრამ ბატონ ოდიშარიას უპასუხია, ეს დათოს დაწყებული პროექტიაო და არ იცი, როგორი გაკვირვებული ვიყავი, როცა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დამიბარეს და მითხრეს, ეს პროექტი ისევ თქვენ გეკუთვნით და წაიღეთო.
- 2008-დან 2012 წლამდე რით არსებობდი?
- რაღაცებს ვჩალიჩობდი... კულტურაზე დამოკიდებული არც ახლა ვარ... ჩემს სიმამრსა და ძმასთან ერთად რაღაც ბიზნესი მქონდა.
- რისი ბიზნესი?
- პროდუქტი შემოგვქონდა...
- დათო, ამ რუბრიკის ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვა და ახსნა-განმარტების გარეშე მიპასუხე: ნატო თუ რუსეთი?
- საქართველომ ევროკავშირი და ნატო აირჩია, მაგრამ ლანძღვა-გინების წინააღმდეგი ვარ და მეზობელთანაც კარგად უნდა იყო!
- ოკუპანტთან კარგად როგორ უნდა ვიყოთ?
- სხვა რამეს ვამბობ: თუ ოკუპანტს არ დაელაპარაკე, აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენთან როგორ კარგადაც უნდა იყვნენ, იქ უნდათ ანუ დიალოგის რეჟიმს ამ კუთხით ვგულისხმობ, თორემ ორივე ხელს ვწევ - რუსეთი ოკუპანტია!
- და ოკუპანტთან ლაპარაკი კრემლში ცეკვა-სიმღერას ნიშნავს?
- არა, ამის წინააღმდეგი ვარ! რამდენიმე აფხაზ და ოს ოჯახს კულტურის პალატა ჩუმად პატრონობს და მათთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ დიალოგის რეჟიმი აუცილებელია. კრემლში არ ილაპარაკონ, სადმე სხვაგან დასხდნენ...
- ანუ, სახალხო დიპლომატიის მომხრე ხარ?
- დიახ...
- ხურჩაში გიგა ოთხოზორია რომ მოკლეს, პროტესტი არ გაგიჩნდა?
- გამიჩნდა და გამოვიძიე, ეს ვინ ჩაიდინა - გავიგე, რომ ოთხოზორია აფხაზმა თურქმა მოკლა... ოთხოზორიას ოჯახს სამძიმრის დეპეშაც გავუგზავნეთ... რუსეთი, რასაკვირველია, ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი!
- დათო, რა ამის პასუხია და, პროფესიით ვინ ხარ?
- მეტალურგი.
- და ეს მეტალურგი კაცი კულტურაში როგორ მოხვდი?
- დედაჩემი მოცეკვავე იყო - ბუხუტი დარახველიძესთან ცეკვავდა. ბავშვობაში, მე და ჩემი ძმა კი რეზო ჭოხონელიძესთან ვცეკვავდით.
- გეხვეწები, რას ცეკვავდი, მთიულურს?
- (იღიმება) არა, ოსურს.
- „ღადაობ" თუ მართლა ცეკვავდი?
- მართლა... მერე, „არტოს ბაღში" ბატონ ფრიდონ სულაბერიძესთან ვცეკვავდით... მოკლედ, კულტურით ვიყავი მოწამლული.
- თუკი კულტურით იყავი მოწამლული, აბა, მეტალურგობა „ჩაგიდეს"?
- არა, გეოლოგიურზე ვაბარებდი, ქულები დამაკლდა, მამაჩემმა მირჩია, მეტალურგიულის საღამოს დასწრებულზე ჩამებარებინა, დღისით კი მემუშავა...
- ზურაბ ჟვანია სად და როდისღა გაიცანი?
- ზურასთან ჩემი სიმამრი მეგობრობდა... პოლიტიკა სულ მაინტერესებდა. ჩემმა სიმამრმა ზურასთან მიმიყვანა და მითხრა, შვილო, ეს ყველაზე ჭკვიანი ადამიანიაო და ასე გავიცანი...
- ამ დროს ჟვანია უკვე პარლამენტის თავმჯდომარე იყო?
- არა, „მწვანეებში" იყო... სხვათა შორის, ლიზა რომ შემეძინა, ზურას არ მოვანათვლინე, რადგან არ დაეწყოთ, აი, ოქიტაშვილმა მოანათვლინაო. საერთოდ, ადამიანებთან სტატუსის მიხედვით არ ვმეგობრობ. ცხოვრებაში ის უნდა იყო, ვინც ხარ... ადამიანს იმით დავეხმარები, რისი საშუალებაც მაქვს. ვიცი, რომ ჩემი შვლები კარგად არიან, მაგრამ ძილის წინ, რამდენიმე ოჯახზე ვფიქრობ. მე და ჩემი მეუღლე შვილებსაც ასე ვზრდით...
- მოკლედ, ზურამ შენში „კულტურის მამობის" ფარული ნიჭი აღმოაჩინა, არა?
- ზურამ „შავი მარგალიტი" დამარქვა. ჰოდა, ერთხელ მითხრა, შე დეგენერატო, მოეთრიეო.
- რატომ უნდა „მითრეულიყავი"?
- ზურას კაბინეტში დიდი პლაკატი ჰქონდა გაკრული, სადაც ვთქვათ, ჯანსუღ ჩარკვიანის თუ ლეილა აბაშიძის დაბადების დღე ეწერა. ამ ხალხს ჯერ თვითონ ურეკავდა და მერე მე მაგზავნიდა... მოკლედ, კულტურით მომწამლა! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნინო რამიშვილთან, სოფიკო ჭიაურელთან ან ნანი ბრეგვაძესთან მივიდოდი... მახსოვს, ერთხელ, მე და ჩემი მეუღლე მედია ჩახავამ დაგვპატიჟა და იმდენი „სილიოტკა" ვჭამე, ხალხი ერთმანეთს უყურებდა, ეს ხომ არ გაგიჟდაო. ქალბატონ მედიკოს ვკითხე, როგორ მოამზადეთ-მეთქი. მიპასუხა, არავის ვასწავლი, მაგრამ შენ გასწავლი - რძეში უნდა ჩადოო. გამიკვირდა, თევზს რძეში რა უნდა, ალბათ, მაშაყირებ-მეთქი, მაგრამ თურმე, მართალი ყოფილა... მახსოვს, სოფიკო ჭიაურელთან ერთად ბაზარში რომ დავდიოდი და გამყიდველებს ეუბნებოდა, პირველი ანტრიკოტი ამოიღეო. ვეკითხებოდი, სოფიკო, პირველი ანტრიკოტი რას ნიშნავს-მეთქი. მპასუხობდა, ამით „ბისტროგანოვი" კარგად კეთდება და შენც ისწავლეო...
- წარმატების მიღწევაში, ალბათ, ისიც დაგეხმარა, რომ კომუნიკაბელური ხარ...
- დიახ, ადამიანებთან ურთიერთობაში ადვილად შევდივარ..
- დათო, ის, რომ შავი ხარ, თუნდაც ბავშვობაში დისკომფორტს არ გიქმნიდა?
- არა. ვანო, თეთრი არც შენ ხარ.
- შენთან შედარებით, თეთრი ვარ, აბა, რა ვარ?!
- ანეკდოტი დადიოდა, ოქიტაშვილი ისეთი შავია, რომ ექვსი საათის მერე არ ჩანსო. ისე, ვშაყირობ ხოლმე, სხვები მზეს რომ დაინახავენ, 24 საათი გაშავებაზე ლოცულობენ, ჩემმა მშობლებმა კი თავიდანვე იზრუნეს, რომ შავი დავბადებულიყავი-მეთქი. მოკლედ, „ზაგრის", „კრემებისა" და რაღაცების პრობლემა არ მაწუხებს...
- ყველაზე მძაფრი ჭორი, რომელიც საკუთარ თავზე გაგიგია, რა იყო?
- ბოლოს გავიგე, მედროვეაო.
- ხარ?
- არა! მედროვე რომ ვიყო, ჩემთან არ იჯდებოდი, რადგან ვიცი, რომ ასეთ ადამიანებს პატივს არ სცემ!
- მადლობა!
- სხვათა შორის, მოქკავშირის წევრიც არ ვყოფილვარ. პარლამენტის წევრობა რომ მდომებოდა, ვანო, კარგად იცი, გამომივიდოდა, მაგრამ ამის სურვილი არასოდეს მქონია!
- ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, გთავაზობდნენ, ნაცი გამხდარიყავი?
- არა, ჩემთან ამაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
- ჟვანიას რატომ უღალატეს?
- არ ვიცი... უარესს გეტყვი, ხათუნა გოგორიშვილი ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ ზურას სიკვდილის მერე ურთიერთობა აღარ გვაქვს!
- ერთმანეთს საქმე „გაურჩიეთ" თუ ურთიერთობა უსიტყვოდ გაწყვიტეთ?
- უსიტყვოდ. ისინი გაბრაზებულები იყვნენ, რომ ისეთ განცხადებებს ვაკეთებდი, როგორსაც ვაკეთებდი. იცი, როდის მივხვდი, ჩემზე გაბრაზებულები რომ იყვნენ? - როცა მცემეს, არც დაურეკავთ, არადა, ამაზე მეტი რაღა უნდა შემთხვეოდა - დედა მიტირეს!
- ნათლიასთან ურთიერთობა არც შენს შვილს აქვს?
- არა.
- ამას არ განიცდი?
- ძალიან განვიცდი, რადგან ნათელ-მირონობა სულ სხვა რამეა...
- დათო, შენი ვერსიით, ჟვანია რატომ მოიცილეს?
- ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო ნაცმოძრაობა დიდი ხანია, აღარ იქნებოდა.
- იზიარებ ვერსიას, რომ პრემიერი საფერფლით მოკლეს?
- ზურას გარდაცვალებამდე სამი საათით ადრე დავშორდი და ვიცოდი, რომ დიეტაზე იყო.
- ერთმანეთს სად შეხვდით?
- სახლში, რემა დეიდასთან, რაღაც მოსაწვევი მივუტანე... იცი, ზურა სიგარეტს როგორ ეწეოდა? - ერთ ღერს რომ ჩააქრობდა, მაშინვე მეორეს უკიდებდა და პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, კადრებში საფერფლე არ ჩანდა, მერე კი, საფერფლე და სხვა სიგარეტი გაჩნდა, რომელსაც ზურა არ ეწეოდა.
- ზურა რომელ სიგარეტს ეწეოდა?
- ე. წ. სქელ პარლამენტს, რომელიც აქ არ იყიდებოდა და "დუტი ფრიდან" მოჰქონდათ. კადრებში კი სხვა სიგარეტი ჩანდა...
- დათო, ნაცებს სექსკომპრომატები შენზეც ხომ არ აქვთ?
- ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ ნაციონალებს ჩემზე კომპრომატები რომ ჰქონოდათ, აუცილებლად „დადებდნენ".
- ოდესმე მიშასი გჯეროდა?
- ზურასი თვალდახუჭული მჯეროდა და იმ ადამიანებსაც, ვინც მის გარშემო იყვნენ, პატივს ზურას გამო ვცემდი. ისიც მახსოვს, ზურამ სააკაშვილი ჩვენთან, ოფისში პირველად რომ მოიყვანა. ზურას ძალიან დიდი შეცდომა ის იყო, ამ ადამიანში ვერ დაინახა, რომ უღალატებდა და ქვეყანას ასეთ დღეში ჩააგდებდა!
- ოცნებობ?
- იცი, რაზე ვოცნებობ? - მინდა, ქართველი ერი ერთხელ და სამუდამოდ შერიგდეს. გუშინ, ერთ სპექტაკლზე ვიყავი და ორმა უახლოესმა ადამიანმა ერთმანეთს თვალი აარიდა, რადგან ერთი ნაცია, მეორე - „ქოცი". ორივესთან ვმეგობრობ და უხერხულ სიტუაციაში მე ჩავვარდი. ეს ადამიანები ერთმანეთს პოლიტიკამ დააშორა. წარმოიდგინე, ხათუნა გოგორიშვილი, ვიდრე ეს უბედურებები მოხდებოდა, ჩემი შვილის ნათლია გახდა, ახლა კი ურთიერთობა არ გვაქვს.
- გენატრება?
- ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან ხათუნამ და მისმა ფრთამ ზურას უღალატა. დამნაშავეც რომ ყოფილიყო, ზურას მათი და მათი ოჯახების წინაშე დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ არ უნდა ეღალატათ!
- დათო, ბოლო კითხვა შენ უნდა დამისვა...
- ძალიან კარგად გამოიყურები და შენი დიეტა მასწავლე...
- ამაზე ხომ უკვე გელაპარაკე... წარმატებებს გისურვებ!
ვანო პავლიაშვილი