24 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრებაში „თვითმმართველობის“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების“, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პოლიციის გუნდები მონაწილეობდნენ.
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების“ გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი „თვითმმართველობამ“ დაიკავა. ღონისძიებას რამაზ კიტიას ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.