logo_geo
eng_logo
ურეკი-შეკვეთილის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დადგენილების პროექტი დაამტკიცეს
- +

6 ივნისი. 2016. 20:27


 

„ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყნის სივრცითი მოწყობაა. ეს გულისხმობს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც შეუძლებელია წარმატებით განხორციელდეს შესაბამისი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმის გარეშე", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


„ჩვენ დავიწყეთ ამ პროცესის სრულყოფა - უკვე მომზადებული და დამტკიცებულია ხერთვისის, ოლოდას, ვარძიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაცია, ვმუშაობთ ბახმაროს, ასევე მესტია-მულახისა და ახმეტა-თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის უზრუნველყოფისთვის კონკურსების ორგანიზებაზე, უკვე მზად არის და როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე მალე დავამტკიცებთ გუდაურის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციას. დღეს კი  მთავრობის სხდომაზე ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დადგენილების პროექტი გავიტანეთ,  რომელიც მუნიციპალურ დონეზე უკვე დამტკიცებული იყო" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია  ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ურეკის ზღვისპირა კლიმატური კურორტის მაღალი პოტენციალი, მოხერხებული სატრანსპორტო  კავშირები,  მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული დაგეგმარება, რაც უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე  საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნას.

 

ურეკი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სამკურნალო ზღვისპირა კურორტია, მაღალი ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალით და მიზანშეწონილია, რომ ყოველ  5 წელიწადში ერთხელ მოხდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განახლება - რევიზია, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ურეკში მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასეთივე მაღალი ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალი გააჩნია შეკვეთილის ზღვისპირა ტერიტორიასაც. მისი განცხადებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, კურორტის ფუნქციონირება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

 

„შეკვეთილის ტერიტორიებისთვის აქამდე არ შემუშავებულა არც კონცეფტუალური ხასიათის პერსპექტიული განვითარების და არც მიწათსარგებლობის დოკუმენტაცია, რაც აჩენს რისკებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მიმდინარე განაშენიანება უსისტემოდ და არაგეგმაზომიერად განვითარდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა სანაპირო ზოლი, სადაც შეუსაბამო მშენებლობების განხორციელების  შედეგად,  შესაძლებელია მოხდეს სანაპირო ზოლის წარეცხვა და, შესაბამისად, სამკურნალო პლაჟების შემცირება ან დაკარგვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner