logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პარლამენტის წევრი და ყოფილი სამართალდამცველი თავად უნდა იყოს დაინტერესებული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემით
- +

25 სექტემბერი. 2019. 11:55

 

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ   და როდესაც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემით.

 

„საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ,  საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს  მისი ეს ინფორმაცია, თუკი არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ, როგორც უფლებადამცველი ყოფილი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მერვე მოწვევის პარლამენტში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი იურისტი, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ ამას ნამდვილად აქვს ადგილი“, - განაცხადა  დავით მათიკაშვილმა, გამოეხმაურა რა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ეკა ბესელიას განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ.

 

მისივე შეფასებით, პროკურატურაში მიუსვლელობის მიზეზად მოუცლელობის დასახელება გარკვეულ ეჭვს და კითხვის ნიშანს ბადებს.

 

„როდესაც ეს მძიმე დანაშაული, მით უმეტეს საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, აუცილებლად, ალბათ, პირველ რიგში, შენ უნდა იყო დაინტერესებული, რომ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდო, რომ მსგავსი რამ აღიკვეთოს სხვა პირების მიმართ. მოუცლელობა ალბათ არ არის ადეკვატური და რელევანტური მიზეზი პროკურატურაში არმისვლის“, - ანიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადგან სამართალდამცავი ორგანოები ამ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდგომ დაინტერესდნენ ამ ამბით, ეკა ბესელია  ვალდებულია, მყისიერად მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

 

„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩვენმა საზოგადოებამ  ბევრჯერ გადაიტანა მსგავსი ტრავმები, ეს ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებაა და პირიქით, უნდა მყისიერად მოხდეს ამაზე რეაგირება. პირიქით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირი, ვინც ფლობს ასეთ ინფორმაციას, მით უმეტეს, პარლამენტის წევრი, მით უმეტეს, ყოფილი უფლებადამცველი, უნდა იყოს მოწადინებული, სასწრაფოდ გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში და პასუხი გასცეს ამ კითხვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ მოუცლელობა და სხვა მიზეზები თავისთავად ბუნებრივად ბადებს კითხვის ნიშნებს - ეს იყო განცხადება საერთოდ ახლოს რეალობასთან თუ არა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner