„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა „თბილისობა 2019“-ის პროგრამით გათვალისწინებული საზეიმო აქტივობები ჩამოთვალა და დაინტერესებული პირები ღონისძიებებზე დასასწრებად მიიწვია.
„წელს „თბილისობის“ პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „თბილისობის“ ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის: 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალა-კონცერტი - „მე ვარ თბილისი“.
„6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „მუარე“ - ესაა აკრობატების საჰაერო შოუ როკ-მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გველის წინ. გიწვევთ ყველას, თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს, დიდებსა თუ პატარებს და ვფიქრობ, ძალიან მხიარული და სასიამოვნო დღეები გველის წინ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.