ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ წარმომადგენელმა გიორგი გაჩეჩილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს კითხვებით მიმართა.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რამდენად აქვს ისეთი ტიპის მოსამართლეს სისტემაში მუშაობის უფლება, რომელსაც კანონმდებლობაში არსებული ნორმების მიუხედავად, ერთხელ მაინც გადაუხვევია ზნეობრივი კრიტერიუმებიდან და მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მიუღებელი იყო.
„როგორ ფიქრობთ, მოსამართლეს რ,ომელსაც ერთხელ მაინც გადაუხვევია ზნეობრივი კრიტერიუმებიდან, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონმდებლობაში არსებული ნორმების მიუხედავად, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მიუღებელი იყო. მე ამის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ გერმანიის ფაშიზმის დროს არსებული კანონმდებლობა, პინოჩეტის დროს არსებული კანონმდებლობა და ა.შ. მოქმედი მოსამართლეები იღებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებას.
როგორ ფიქრობთ, ასეთი ტიპის მოსამართლეებს, რომლებიც ასეთი რეჟიმების დროს იღებდნენ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციით, არსებული კანონით გამართლებული იყო, აქვთ თუ არა მათ უფლება, გააგრძელონ მოსამართლეობა და ამ სისტემაში მუშაობა? ასეთ მოსამართლეს აქვს თუ არა უფლება, გააგრძელოს ნორმალური რეჟიმის დროს მოსამართლეობა?“ - მიმართა გიორგი გაჩეჩილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს.
პარლამენტის წევრი, ასევე, დაინტერესდა, თუ რით არის გამოწვეული საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არსებული გარკვეული უნდობლობა.
„საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს უნდობლობის წილი განპირობებული საზოგადოებაში? არის თუ არა ეს განპირობებული წინა ხელისუფლებაში არსებულ სიტუაციასთან თუ რამე სხვა ფაქტორი მუშაობს, მაგ. მედიის არაობიექტურობა და ა.შ. საკითხი ასე დგას, რომ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობიდან გამომდინარე, მცირე პროცენტი მიმართავს სასამართლოს, მაგრამ უფრო მეტი უკმაყოფილოა, რითია ეს განპირობებული?“ - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.
იგი ასევე დაინტერესდა, თუ რა არის იმის მოტივაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.
„2015 წლიდან თქვენ ბრძანდებით სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. მაინტერესებს, როგორია თქვენი დატვირთვა სააპელაციო სასამართლოში? უზენაესი სასამართლო არ არის დაკომპლექტებული, ამასთან, არის ათასობით საქმე, რომელიც ელოდება განხილვას. თქვენ უფრო მეტი დატვირთვა გელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აგირჩევთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ, იმ პოზიციიდან, რომელშიც ახლა ხართ და აპირებთ უფრო მეტი დატვირთვის პირობებში გადახვიდეთ? რა არის იმის მოტივაცია, რომ ასე გაირთულოთ თქვენი დღის რეჟიმი და ცხოვრების წესი?“- მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი გაჩეჩილაძემ.