დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი (გეგა) შენგელიას და საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შედგა, ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი საჯარო შეხვედრების პერიოდულად გამართვა აუცილებელია:
„მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ამავე დროს აუცილებელია კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რათა თითოეული პროექტი მათი ჩართულობითა და ინფორმირებულობით ხორციელდებოდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად და როგორ იხარჯება ჩვენი საერთო ფული - ბიუჯეტი, რა კეთდება, როგორია პრიორიტეტები და განხორციელებული პროექტების ხარისხი და ვადები. კარგია, რომ ასეთ საანგარიშო შეხვედრებს სისტემატური ხასიათი აქვს“, - განაცხადა შეხვედრაზე მერაბ ქვარაიამ.