საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საერთაშორისო ფორუმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, გივი მიქანაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიმდინარე ადაპტაციის პროცესსა და დანერგილ სერვისებზე ისაუბრა.
„წელს დავასრულეთ საკანონმდებლო ორგანოს სივრცის ადაპტაციის პროცესის პირველი ფაზა. მიმდინარეობს მუშაობა მეორე ფაზის დასაგეგმად, რათა პარლამენტის სასახლე გახდეს მეტად ხელმისაწვდომი ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისას კომუნიკაციის და ქცევის ეტიკეტში გადამზადდა საქართველოს პარლამენტის აპარატის ასამდე თანამშრომელი“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ადაპტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში გივი მიქანაძემ ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობას თანამშრომლობა შესთავაზა, კერძოდ კი ბრიტანული გამოცდილების ადგილზე გაცნობის და გაზიარების მიზნით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტისა და რიგი სამინისტროების წარმომადგენელთა ვიზიტის ორგანიზების კუთხით“, - აღნიშნა მიქანაძემ.
24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა „შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ მზაობა გამოხატა, რომ მომავალ წელს საქართველოს პარლამენტმა უფრო მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები.
თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა, ზაზა ფურცელაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.