logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ვინც იცის, რა უნდა
- +

6 ივნისი. 2016. 21:09



„ბიძინა ივანიშვილის წერილში მოვისაკლისე იმის აღნიშვნა, რაც ვერ გაკეთდა, ერთგვარი თვითკრიტიკა... მაგალითად, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს ის, რომ ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ აღდგა სამართლიანობა"


ისევე როგორც 2011 წელს, პირველი პოლიტიკური განცხადებებისას, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების" 4-წლიანი მმართველობის შეფასებაც წერილობით გადაწყვიტა. თუმცა, მისი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟისგან განსხვავებით, დღეს ის სხვა გავლენითა და პასუხისმგებლობით არის აღჭურვილი, შესაბამისად, მის წერილს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამ წერილზე სასაუბროდ პოეტ დავით მაღრაძეს შევეხმიანეთ:


- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ბიძინამ სწორედ წერილით მიმართა მოსახლეობას. მგონი, ის ერთადერთია როგორც ქართველ პოლიტიკოსთა, ასევე პოლიტიკურად გავლენიან ადამიანებს შორის, ვისაც შეუძლია წერილობითი ტექსტით მიმართოს საზოგადოებას. ამის სხვა მაგალითი არ მახსენდება, ეტყობა, დანარჩენები ამ უნარს ვერ ფლობენ.


დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ივანიშვილის ქებით ან ლანძღვით ცდილობს საზოგადოებაში ადგილის პოვნას. ვფიქრობ, მე ეს საშიშროება არ მემუქრება, რადგან ივანიშვილით არ შემიქმნია გვარსახელი, არც ივანიშვილის ქებით ან ლანძღვით ვეძებ­ საზოგადოებაში ან შემოქმედებაში ადგილს. ჩემი აზრით, წერილის მთავარი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს გზა არის ევროინტეგრაციის გზა, ოღონდ რუსეთთან ომის გარეშე. წინა ხელისუფლება სინგაპურიზაციის გზას დაადგა, რუსეთთან ომის ფონზე, სწორედ ამის საპირწონედ გამოაცხადა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების გზად ევროინტეგრაცია ომის გარეშე,­ რაც, ჩემი აზრით, სწორია. ივანიშვილი პოლიტიკოსების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ვინც იცის, რა უნდა. რუსეთთან ომი არ არის შემთხვევითი დაძაბულობა მეზობელთან ან შეხლა-შემოხლის ფრაგმენტული გაელვება, თუ რა მძიმე შედეგებით მთავრდება ეს, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. რუსეთთან ომში დავკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალი, შემდეგ უკვე ახალგორი, კოდორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები. და იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ მიწა-წყალი დავკარგეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო ოდესის საბაჟო... სადმე თუ გინახავთ, რომ ერთ ქვეყანაში გაბითურებული და არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლება წაეყვანოთ და მეორე ქვეყანაში, არჩევნების გარეშე, დაესვათ ხელისუფლებაში?


„ნაციონალთა" ეს აგრესიული, საომარი და სიმამაცით შემკული რიტორიკა არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, თუ როგორ ხდება ხშირად პატრიოტიზმი ფარისეველთა უკანასკნელი თავშესაფარი. პატრიოტიზმი მაგათი გაგებით ის არის, რომ ჩააბარო შენი მიწა-წყალი რუსეთს. ახლაც ცდილობენ, დასავლეთში გარკვეული გავლენიანი პოლიტიკური წრეები დაარწმუნონ და მათი დახმარებით კიდევ მობრუნდნენ ხელისუფლებაში, რათა უფრო მეტი მიწა-წყალი ჩააბარონ მტერს. სწორედ ქვეყნის გარეთ ეძებენ ამაში დახმარებას, რადგან მშვენივრად იციან, რომ ქვეყანაში მათ არანაირი შანსი არა აქვთ...


სამშობლოს განცდა სჭირდება და არა ბრაგა-ბრუგი. მაგათ ნება რომ მისცე, ქუთაისს ნიკოფსიას დაარქმევენ, წყალტუბოს - დარუბანდს და იტყვიან, მოგვილოცეთ, გადავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიით დარუბანდამდეო... ორად ორ ადამიანს ვერ ეწეოდა საქართველოს ისტორიაში დაცვა, ესენი არიან: ერეკლე მეორე და მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ერეკლე მეორეს ვერ ეწეოდა დაცვა, როდესაც მტერს უტევდა, და სააკაშვილს ვერ ეწეოდა, როცა მტრისგან ზურგშექცეული გამორბოდა.


ადამიანების წამებაში მხილებულ პოლიტიკურ ძალას არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არ აქვს...


ბიძინა ივანიშვილის წერილში მოვისაკლისე იმის აღნიშვნა, რაც ვერ გაკეთდა, ერთგვარი თვითკრიტიკა... მაგალითად, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს ის, რომ ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ აღდგა სამართლიანობა. ამაზე წერილში საერთოდ არ არის გამახვილებული ყურადღება. ეს, ერთი შეხედვით, პოზიტიური კოაბიტაცია, რომელიც ოპონენტების შეთანხმებას ნიშნავს, დამნაშავეთა თავშესაფარი გახდა. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრმა ჩაიდინა დანაშაული და ამის გამო პასუხი მოსთხოვეს, ეს პოლიტიკურ დევნად ინათლება,­ მით უფრო, თუ ის ვიღაც ოპოზიციური პარტიის წევრია. პოლიტიკა არ უნდა იყოს დამნაშავეების თავშესაფარი! საზოგადოებამ იცის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი დანაშაულია ჩადენილი და არ არის ადეკვატური რეაგირება. არ ვიცი, რატომ არ გაამახვილა ამაზე ყურადღება ივანიშვილმა. მთავრობის კიდევ ერთი შეცდომა საარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილება მგონია - 30 მილიონამდე ლარი ბიუჯეტიდან­ კონცერტებში დაიხარჯა, 30 მილიონი რობი უილიამსის უკანალის სანახავად, ამის ფუფუნება აქვს ჩვენს ქვეყანას?! ის ცნობილი მომღერალია, მაგრამ ამ საკონცერტო „ივენთების" (როგორც თვითონ ამბობენ) ვნებით არ უნდა იყოს მთავრობა შეპყრობილი. შოუბიზნესი არის ბიზნესი და, როგორც წესი, ბიზნესი კვებავს ბიუჯეტს და არა პირიქით! შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ბიუჯეტი კვებავდეს ბიზნესს. ეს არა ერთი სამინისტროს, არამედ მთელი მთავრობის დიდი შეცდომაა.


- ბრძანებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს შანსი ხელისუფლებაში მობრუნებისა, თუმცა თავის წერილში საკმაოდ დიდი ადგილი ბიძინა ივანიშვილმა ამ ძალას დაუთმო. „წარსულში დაბრუნების საფრთხე" - ასეთია წერილის ერთ-ერთი ქვესათაური, რომელშიც ივანიშვილი წერს: „აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ". რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ორ ძალას, „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს.


- მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. ჩემი აზრით, მას სურდა, ხაზი გაესვა, თუ საიდან, რა რეჟიმიდან გამოვედით და ამიტომ გაამახვილა ყურადღება „ნაციონალურ მოძრაობაზე". მოქალაქეთა ნაწილი დღევანდელ ხელისუფლებას ისეთ მოთხოვნებს უყენებს, თითქოს ამ ხელისუფლებას შვეიცარია ჩააბარეს და ამათ საქართველოდ აქციეს.


„ნაციონალური მოძრაობა" მთავარ მოთამაშედ არც მოსახლეობაში განიხილება, მათი ავტორიტეტი არის „ზერო" და არ გამიკვირდება, ბარიერის გადალახვა რომ გაუჭირდეთ. შეუძლებელია, ხალხს დაავიწყდეს ის სიმწარე, რაც მოუტანა „ნაცმოძრაობის" აგრესიამ.


- ისე ჩანს, რომ „ქართული ოცნება" საარჩევნოდ სწორედ იმით ეცდება ფონს გასვლას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" უკეთესია. ეს საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის?

 

- სწორედაც იმათთან შედარებით არიან უკეთესები, აბა, „ქართული ოცნება" იდეალური ნამდვილად არ არის. მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ეს ძალა არ არის მოსახლეობაზე გადამტერებული, არა აქვს ვნებები, რომ ადამიანს ფასი დაუკარგოს და გააცამტვეროს. მთავარი მონაპოვარი კი ის მგონია, რომ დღეს ადამიანებს არ ეშინიათ ხელისუფლების. ეს ფაქტია, რაც კარგად ჩანს იმითაც, რომ დღეს ისეთი უსუსური ხალხი ალაპარაკდა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში შიშისგან ხმა არ გაუღიათ, ახლა კი გაქაფულები ერთდროულად ლაპარაკობენ ყველა არხზე, რაც ნიშანია იმისა, რომ არ ეშინიათ ხელისუფლების!


- მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ამ წერილმა ეს მოსაზრება ხომ არ განამტკიცა?


- ივანიშვილი არის ამ ხელისუფლების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რადგან სწორედ მისი მემკვიდრეა ეს ხელისუფლება. ივანიშვილი ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობს, გაერიდა ამ საქმეს. ამის დასტური მგონია ის, რომ არც „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი შევსების და არც განათლების ახალი მინისტრის დანიშვნის ინიციატორი, ჩემი აზრით, ივანიშვილი არ ყოფილა. თუ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ივანიშვილს მოუსმენენ და ჭკვიანი კაცის აზრს გაითვალისწინებენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ის არ არის ჭკვიანი, როგორც ამის წარმოჩენას „ნაციონალები" ცდილობენ, მაშ, რას წარმოადგენენ თვითონ, როდესაც ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" თუ „უძრაობა" მთელი თავისი შლეიფით ბეჭზე ისე სამარცხვინოდ დასცა...


ორიოდე სიტყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ინტერვიუზეც უნდა ვთქვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ინტერვიუ კი არა, მხარეებს შორის დებატი იყო. ალბათ, კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიწვეულ სტუმარს უმასპინძლებს სწორედ ამ არხის და არა რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტი. მესმის, რომ ეს ერთობლივი პროექტია და ამგვარი მემორანდუმის გაფორმების უფლება არხს აქვს, მაგრამ იქნებ არხზე მყოფი ჟურნალისტებისთვის მეტი ასპარეზი მიეცათ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ვფიქრობ, ის არ გრძნობს არაკეთილგანწყობილ გარემოში თავს ცუდად და როგორც ვიცი, „რუსთავი 2"-შიც აპირებს მისვლას, მაგრამ კარგი იქნება, წინასწარ იცოდეს, ვინ იქნება ამა თუ იმ ფორმატისას მისი მასპინძელი.


- „რუსთავი 2"-ის საქმის სასამართლო განხილვა ამჯერად სააპელაციო სასამართლოში ხმაურით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა" და არხის ხელმძღვანელობა პროცესს პოლიტიკურად ანგაჟირებულად აცხადებენ და პირდაპირ ხელისუფლებას უკავშირებენ, მეტიც, ლამის რევოლუციურ განცხადებებს ვისმენთ...


- კი, აშკარაა, „ნაციონალური მოძრაობის" უსუსური მცდელობა, „რუსთავი 2"-ის გამოყენებით რევოლუცია ააგოროს, რისი განხორციელებაც წარმოუდგენელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია „რუსთავი 2" სრულიად უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი საკუთრებაა. გვარამიას და მაგათ რომ ვუსმინოთ, თურმე ამ მტაცებლის ხელში ტელევიზიის დარჩენა ყოფილა დემოკრატიის ზეიმი და კანონიერი მეპატრონეების მოთხოვნა და საჩივარი, როგორმე დაიბრუნონ წართმეული ქონება, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა!..


- რამდენიმე დღის წინ წინანდალში ჩატარებულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზეც გკითხავთ, რომელიც თქვენი ორგანიზატორობით გაიმართა.


- მოხარული ვარ, რომ მართლაც ჯადოსნურ ადგილას, წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლში, ჩემი მეგობრების, გიორგი რამიშვილისა და გიორგი ხარაბაძის დახმარებით შევძელით ამ საღამოს გამართვა. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოეზიას წინანდალში ისევ კითხულობენ და ძველი კულტურული ტრადიციების აღდგენა ამ ისტორიულ ადგილას პოეზიის მეშვეობით ხდება. რამდენიმე ქვეყნის თანამედროვე პოეტების ლექსები ისმოდა როგორც მათ მშობლიურ ენაზე, ასევე ქართულად თარგმნილიც. ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამართულ პოეტურ საღამოში თანამედროვე ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა:­ მეჰმეთ ოლთუნმა, დავიდე რონდონიმ, ვალერი პოპოვმა, ტატიანა გროზნაიამ და დანიელ ოზმა მიიღეს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალი მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და მას უკვე მოჰყვა გამოხმაურება უცხოეთშიც. გვინდა, ეს არ დარჩეს ერთჯერად შეხვედრად და პოეზიის დღესასწაული ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ.


ნათია დოლიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner