logo_geo
eng_logo
გამგეობის ორგანიზებით, ღონისძიება „ალექსანდერსდორფი - გერმანული სოფელი დიდუბეში“ გაიმართა
- +

26 სექტემბერი. 2019. 12:00

 

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება „ალექსანდერსდორფი - გერმანული სოფელი დიდუბეში“ გაიმართა.

 

ღონისძიებაში ბავშვთა სტუდია „მაქ-ქვინის“ აღსაზრდელები, დიდუბეში არსებული სკოლების - „მთიები“ და „სადუნი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საზოგადოებას გერმანულენოვანი სპექტაკლი წარუდგინეს. საზოგადოების წინაშე ასევე, ახალგაზრდული კაპელა „თუთარჩელა“ და ცნობილი ქართველი მომღერლები წარსდგნენ.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ვეტერან ფეხბურთელ ნოდარ ხიზანიშვილს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთარ ტატიშვილსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჯუმბერ ფანჩულიძეს „საამაყო დიდუბელის“ ტიტული მიენიჭათ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაჯილდოვდნენ ახალგაზრდულ კონკურსში - „დიდუბის ტურისტული მარშრუტები“ გამარჯვებულები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.

 

1818 წელს თბილისთან ახლოს, სოფელ დიდუბესთან (ახლანდელი სამტრედიის, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩები) ქვეყანაში ჩამოსული გერმანელების ერთ-ერთი კოლონია - ალექსანდერსდორფი დაარსდა.

 

კოლონიას სახელი რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის პატივსაცემად მიენიჭა. თავდაპირველად, აქ 26 ოჯახი ბინადრობდა. პირველ ქუჩას, სადაც კოლონისტები ცხოვრობდნენ, მოგვიანებით სამტრედიის ქუჩა ეწოდა. 1930-1941 წლებში ქუჩების დასახელებები იყო - სამტრედიის, წყალტუბოს და ბრძოლის (აგლაძის) ქუჩა.

 

ალექსანდერსდორფის დასახლებამ 1818 წლიდან 1941 წლამდე იარსება. დეპორტაციამდე საქართველოში 24 000-ზე მეტი გერმანელი ცხოვრობდა. 1941 წელს ომის დაწყებასთან ერთად,  კავკასიის გერმანელები ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლეს. დეპორტაციას გადაურჩნენ მხოლოდ ის გერმანელები, რომლებიც ქართველებთან იყვნენ ქორწინებაში. ამჟამად, არსებული ტერიტორიები კი დასახლებულია ადგილობრივი მცხოვრებლებით.

 

ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner