logo_geo
eng_logo
სოლომონ პავლიაშვილი სომხური დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

26 სექტემბერი. 2019. 12:16

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დელეგაციის წევრებს შეხვდა.

 

დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი და საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლენა ნაზარიანი ხელმძღვანელობდნენ.

 

სოლომონ პავლიაშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება გარემოსდაცვითი და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით  სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა.

 

მინისტრის მოადგილემ ტყის, ბიომრავალფეროვნების სექტორის და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო საკითხებზე ისაუბრა და სახელმწიფოში გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. 

 

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობის  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმიანობის საკითხებსაც.

 

„სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობის განმტკიცებისთვის. სტუმრებს გავაცანით ის საგრანტო პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და ვესაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

„ჩვენთვის საინტერესოა საქართველოში მიმდინარე პროგრამების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს ქვეყნების განვითარებას“, - აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტმა, ლენა ნაზარიანმა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  გიორგი ვოლსკი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner