ბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულო საზოგადოებავ,
პატივცემულო დელეგატებო!
ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველო ევროპის განაპირას მდებარე პატარა ქვეყანაა, რომელმაც გასული 28 წლის განმავლობაში არაერთი რყევა და ცვლილება განიცადა: აღიდგინა დამოუკიდებლობა, გახსნა საზღვრები, შეუერთდა გლობალიზაციის პირველ ტალღას, გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე, გადაიტანა ომი და დღემდე გაჭიანურებული კონფლიქტებისა და ოკუპაციის პირობებშია. მიუხედავად ამისა, პატარა საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანა, ეკონომიკურად და სოციალურად ვითარდება და სტაბილურობის კუნძულია საკმაოდ რთულ რეგიონში.
ქართველები მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ კარგად ვიცით სოლიდარობის ფასი. ჩვენი ადგილმდებარეობა გვკარნახობს, რომ ვართ იმ რეგიონის განუყოფელი ნაწილი, სადაც გლობალური გამოწვევების დაძლევა მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე, კარგად გვესმის, რომ ჩვენი პლანეტის ხვედრი ჩვენი ხვედრიცაა.
ბატონო პრეზიდენტო,
საქართველო, ისევე, როგორც აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყანა, აწყდება გლობალურ სირთულეებს, რომლებიც დღევანდელი სამყაროსთვის დიდი გამოწვევაა. ესენია: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების გაუარესება, საყოველთაო ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა, სიღარიბის, უმუშევრობისა და სხვადასხვაგვარი უთანასწორობის დაძლევა.
2030 წლის დღის წესრიგში გაწერილი მდგრადი განვითარების 17 მიზანი სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისკენაა მიმართული. ეს მიზნები გვკარნახობს, რომ რადიკალურად უნდა შევცვალოთ როგორც სამყაროს მიმართ დამოკიდებულება, ისე ქცევის წესები. გლობალური გამოწვევები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძლევა, თუკი მათ კომპლექსურად შევხედავთ და გავაცნობიერებთ, როგორც ერთიან მოვლენას, მრავალმხრივ საფრთხეს. და ეს სულაც არ არის იოლი!
დღევანდელი სამყარო მეტისმეტად რთულია; რთულია ამ სამყაროში შექმნილ გამოწვევებზე რეაგირებაც. აუცილებელია უფრო სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება და სრული სურათის გააზრება.
საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს 2030 წლის მიზნების მისაღწევად. იგი გააერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს, ერთად შეკრავს კერძო თუ სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლებს და იმოქმედებს მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად. სწორედ სოლიდარობა და პასუხისმგებლობის გადანაწილებაა მთავარი იარაღი წარმატების მისაღწევად.
სწორედ ამის გამო ვიმყოფებით დღეს აქ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ სუვერენობისა და მულტილატერალიზმის შეთავსებას ალტერნატივა არ აქვს!
ბატონო პრეზიდენტო,
მაშინ, როდესაც 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო ვერთიანდებით, არსებობს კიდევ სხვა, გადაუდებელი გამოწვევები, რომელთა დაძლევა წარმატების მისაღწევად აუცილებელია.
მათთან გასამკლავებლად ახალი იდეები, მეტი გამბედაობა, ექსპერიმენტირება, ახალი ალტერნატივები გვჭირდება. წავიდა ის დრო, როდესაც გვეშინოდა ინიციატივების.
საქართველო დღეს ცალკე არ დგას. საქართველო ამ სამყაროს ნაწილია. და ის, რაც შეიძლება ითქვას მთელ სამყაროზე, შეიძლება ითქვას საქართველოზეც.
ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და, შესაბამისად, პრიორიტეტი მშვიდობაა.
მშვიდობა ნებისმიერი საზოგადოების უპირველესი მიზანია. გაერთიანებული ერებისათვის იგი უმთავრეს არსსა და, საერთოდ, ამ ორგანიზაციის არსებობის საფუძველს წარმოადგენს.
გლობალური უსაფრთხოება მთელი სამყაროს გამოწვევაა. ომები, კონფლიქტები და ტერორიზმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს; იწვევს მასობრივ მიგრაციებსა და ლტოლვილთა ურიცხვ ნაკადს. ჩვენ ვუთანაგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს, კარგად გვესმის მათი შიშიც და რისხვაც და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად.
საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში. ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები, მოვალეობის განცდიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენთვის ახლობელია.
ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს არაერთი დამპყრობელი ჰყავდა. თბილისი - საქართველოს დედაქალაქი 26-ჯერ გადაუწვავს მტერს; ჩვენი ქვეყანა ხშირად იყო დაპყრობილი მცირე თუ ხანგრძლივი დროით; პერიოდულად, იდევნებოდა ჩვენი რელიგია და იდენტობა. მაგრამ საქართველო გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების რუკაზე.
სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთებაიყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, - იმ ომისა, რომელსაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოჰყვა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვლაპარაკობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს; იმ ზოლზე, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია; იმ ზოლზე, სადაც პერიოდულად ხდება საზღვრების გადმოწევა. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის ნორმალურ, მშვიდობიან ცხოვრებას.
მე ვლაპარაკობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, - იქ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს.
ჩემი გამოსვლით მინდა გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არა მარტო ქართული, არამედ აფხაზური ენა (რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით) და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა; აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულადაა შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა მსოფლიოსთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ, ყველა, უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, - განადგურებისგან გადავარჩინოთ ის, რის გამოც არაბები კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ.
მე ვლაპარაკობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულებია, ვერ უბრუნდებიან მამა-პაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს.
ბატონო პრეზიდენტო,
ომის ტრაგედიასა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მრავალ ასპექტს მოიცავს:
ჩვენი პასუხი გახლავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების უზრუნველყოფა. ამას მივაღწიეთ იმით, რომ მთლიანად ვასრულებთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს; შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არანაირი სამხედრო ძალა არ გვყავს განთავსებული.
აგრეთვე, საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე.
ჩვენი პასუხია, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისკენ გაწვდილი ხელი - სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს (თუკი მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ), ხელი მიუწვდებოდეთ შეღავათებზე ჯანდაცვასა და განათლებაში; ისარგებლონ ბიზნესშესაძლებლობებით და, თუნდაც, მცირედი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
ომზე ჩვენი პასუხი ღიაობა და ტოლერანტობაა გასულ წელს 1 500 000 რუსი ტურისტი მივიღეთ და, უნდა ვთქვა, რომ არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
ომსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების არჩეულ გზაზე წინსვლაა. ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და ვერ გადაგვახვევინებს ევრო- და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად დასახული მიზნებიდან. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ კურსიდან ერთხელაც არ გადაგვიხვევია. არასდროს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და ყოველთვის გვახსოვს და ვიცით, თუ როგორი მომავლისკენ მივისწრაფვით.
გარკვეულწილად, ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ, როდესაც ჩვენი მიზანი მშვიდობაა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიმოქმედოთ კიდეც.
ჩვენ გვჭირდება მოქმედებაც და დიპლომატიაც. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ არ გვითქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვურიგდებით არსებულ მდგომარეობას. ცვლილებები უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამას მარტო ვერ შევძლებთ. რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ყველას ჩართულობა გვჭირდება.
პირველ რიგში, საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი დისკუსიების გამართვა. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიქმნას ახალი ფორმატები.
ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური ფორუმი და დიალოგი უნდა იქნას გამოყენებული საიმისოდ, რომ რუსეთი ჩაერთოს დისკუსიებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულებასთან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით (როგორც ეს იყო შეთანხმებული). რადგან, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საოკუპაციო ხაზზე დეესკალაციის მიღწევაა, რამაც კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს.
ასევე, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი, რადგან მშვიდობის დაყოფა და დანაწევრება შეუძლებელია.
ბატონო პრეზიდენტო,
მშვიდობას არა მხოლოდ ომი ემუქრება; მას სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის შიდა საფრთხე, რომელიც მზარდ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე: პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია, შეთქმულების თეორიები - ყოველივე ეს ქმნის შავ ხვრელს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ საზოგადოებასა და დემოკრატიის საფუძვლებს.
ამ გამოწვევაზე პასუხი ჩვენ წინაშეა: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ტრადიციულ ღირებულებებს. ტოლერანტობა მათ შორის უმნიშვნელოვანესია. პლურალიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, თუკი მასში არ იგულისხმება პატივისცემა სხვათა აზრის მიმართ.
საქართველოს, რომელიც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ტოლერანტობისა და ღიაობის მრავალსაუკუნოვან მაგალითს წარმოადგენს, შეუძლია, მოექცეს იმ ბრძოლის ავანგარდში, რომელშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ. საერთაშორისო თანამეგობრობა თავისუფალი მოქალაქეებისა და ჯანსაღი საზოგადოებებისგან შედგება. ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ქიშპობას.
ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების, და არა მხოლოდ ქართველების მიმართ!
ბატონო პრეზიდენტო,
სიღარიბის დაძლევა საქართველოს ყველა მთავრობისთვის უმთავრესი საზრუნავია. ჩვენი ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს, რათა ეკონომიკის მოდერნიზაცია მოახდინოს და მსოფლიო ბაზრებზე ადგილის დასამკვიდრებლად დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები; ოპტიმალურად გამოიყენოს თავისი უნიკალური პოზიცია ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის (რომლებზეც მას თავისუფალი წვდომა აქვს). მდგრადი ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო სწორ გზაზე დგას. მაგრამ ჩვენ მეტის გაკეთება გვჭირდება.
განათლება და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად.
განათლება არა მხოლოდ ნებისმიერი ადამიანის ძირითადი უფლება, არამედ ყოველი ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაცაა. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა საქართველოსათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და განვითარების ქვაკუთხედია.
ეს პრიორიტეტი მხოლოდ სიტყვებით კი არ არის გამოხატული, არამედ კონკრეტულ ციფრებში აისახება: დაგეგმილია განათლების ბიუჯეტის გაზრდა. 2022 წელს იგი მშპ-ს 6 %-ს მიაღწევს.
ჩვენ უკვე განვახორციელეთ განათლების სისტემის გარდაქმნისკენ მიმართული რიგი რეფორმები. ისინი საშუალებას მოგვცემს, პირველ რიგში, აღვზარდოთ თავისუფალი მოქალაქეები და გავხდეთ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ასპარეზზე.
მეცნიერება და ტექნოლოგია, კვლევა და ინოვაცია მომავალი განვითარების საფუძველია. საქართველო უდიდეს ყურადღებას აქცევს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და ამ მიმართულებით წამყვან ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. ქართველი სტუდენტები სიხარულით უერთდებიან მსოფლიო სტუდენტურ საზოგადოებრიობას. 3600 სტუდენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ერაზმუსის პროგრამაში.
პატივცემულო დელეგატებო,
მიგრაცია ჩვენი საერთო საქმეა, რომელიც ბევრ შიშსა და წუხილთან არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყანა თავის სასიცოცხლო რესურსებს კარგავს – ტვინების გადინების, ახალი თაობის ქვეყნიდან გასვლის სახით, – ის წუხს თავის მომავალზე.
მოქალაქე, რომელიც ხედავს უცხოელი მიგრანტების მასობრივ შემოდინებას მის ქვეყანაში, შიშობს, რომ ისინი მის სამუშაო ადგილს დაეუფლებიან და ქვეყნის ეროვნულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნიან.
ბევრი მიგრანტი ლეგალურად გადადის სხვა ქვეყანაში უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად. თუმცა, უმეტესობა არალეგალური მიგრანტია და იმ შესაძლებლობებს ეძებს, რომელსაც მისი ქვეყანა ვერ სთავაზობს. ბევრი მათგანი მშობლიურ ქვეყანას ომის, ნგრევისა და დევნის გამო ტოვებს.
ამასთან, მიგრანტების ახალი ტალღის მიზეზი სულ უფრო მეტად ხდება კლიმატის ცვლილება. გაუდაბნოების, დატბორვის, ქარიშხლისა და ხანძრის გამო მიგრანტების ახალი კატეგორიები ჩნდება. ამ საკითხების მოგვარებასაც სჭირდება გლობალური მიდგომა. სახელმწიფოებმა საერთო მიდგომები უნდა შეიმუშაონ იქ, სადაც პროცესების შეჩერება შეუძლებელია.
დღევანდელ საქართველოში, რომელიც იმიგრაციისა და ემიგრაციის წინაშე დგას, რომ აღარაფერი ვთქვათ 300 000 იძულებით გადაადგილებულ პირზე, აქტიურად ეძებს გამოსავალს. აუცილებელია არალეგალური მიგრაციის შემცირება იმისათვის, რომ არაფერი დაემუქროს ევროინტეგრაციის პროცესის უდიდეს სარგებელს – ვიზა-ლიბერალიზაციას.
გარდა საზღვრის უკეთესი კონტროლისა, რაც ძალზე საჭიროა და ხორციელდება კიდეც, მკაცრი სავიზო წესების შემოღების თავიდან ასაცილებლად შესაძლო გამოსავალი შემდეგია:
პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების დონის გაზრდა და ქვეყანაში სოციალური დაცვის, მუშაობის გარანტიისა და ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რასაც ხშირად მიგრანტების უმეტესობა ეძებს. საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზა ყველაზე მოკლე გზაა ამ მიმართულებით. ამ პროცესს დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ.
ამ ნაკადების რეგულირების მეორე გზა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებაა, რაც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, ლეგალურად და დროებით დასაქმდნენ იმ სფეროებში, სადაც არსებობს ორმხრივი ინტერესი. პარტნიორებთან ერთად საქართველო აქტიურად მუშაობს ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებების შემუშავებაზე.
უკონტროლო და დაურეგულირებელი მიგრაცია კვლავაც დარჩება იმ ძირითად ფაქტორად, რომელიც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მშვიდობასა და სტაბილურობაზე. მართული და მოწესრიგებული მიგრაცია კი ფასდაუდებელია კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის მეტი ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისთვის; ის მეტი ტოლერანტულობისა და ურთიერთგამდიდრების ვექტორია.
ბატონო პრეზიდენტო,
მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც მითოლოგია, მედიცინის ქალღმერთის - მედეას წყალობით, ჯანმრთელობასა და მედიცინასთან აკავშირებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას.
არც ის არის გასაკვირი, რომ ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის. ჩვენ მდიდარი ვართ მრავალრიცხოვანი კურორტებით, რომელთა მოდერნიზაცია ამჟამად მიმდინარეობს.
ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, და ჩვენი მიზანია, რომ სრულად უზრუნველყოფილი იყოს საყოველთაო, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები.
ჯანმრთელობას - ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი, მედიცინა სასწაულებს ახდენს, მაგრამ ფასები მკვეთრად იზრდება და ტვირთად აწვება სოციალური საჭიროებებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს, ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურებსა და მოქალაქეების ფინანასურ შესაძლებლობებს.
2013 წელს საქართველომ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის შემოღებით პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი, სხვა სფეროებთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა და დღეს ჩვენი მოქალაქეების 90 %-ს ხელი მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე. ჩვენ სერიოზული მიღწევები გვაქვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით, ტუბერკულოზის და ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების მკურნალობის მიმართულებით; თითქმის დაძლეულია აივ/შიდსი.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. შეიქმნა ქვეყნის მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის პრეცედენტი.
ჩვენ სხვა ბევრი სერიოზული გამოწვევაც გვაქვს. მეამაყება, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო უჭერს მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი საფუძვლად დაედება საერთაშორისო თანამშრომლობას საქართველოში.
პატივცემულო საზოგადოებავ,
ყველასათვის ცხადია, რომ კლიმატის ცვლილება თითოეულ ადამიანზე, თითოეულ ქვეყანაზე ახდენს ზეგავლენას. ჩვენ უკვე უშუალოდ ვგრძნობთ ამ ზემოქმედებას და ვაცნობიერებთ, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია პლანეტის გადასარჩენად, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ აქ ცხოვრება.
დღეს დედამიწის ზოგიერთ ადგილზე გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ზოგიერთი - ზღვის დონის მატების გამო იტბორება, ზოგან კი დამანგრეველი ქარიშხლები მძვინვარებს (რისი მოწმენიც ცოტა ხნის წინ გავხდით ბაჰამას კუნძულებზე. ამაზე ამაზონიის ხანძრებიც მეტყველებს).
საქართველო, როგორც კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს კონვენციის მიზნებს; საქართველო აღიარებს გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებას და მოქმედებს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საექსპერტო ჯგუფის დასკვნების შესაბამისად.
შესაბამისად, საქართველომ, 2021-2030 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად, განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი - იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2030 წლისთვის სათბური გაზების დონე 40 %-ით ნაკლები იქნება 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.
კლიმატის სამიტზე, რომელიც ორი დღის წინ ჩატარდა, კარგად გამოჩნდა სერიოზული ნახტომისათვის საჭირო იმპულსი და ნება; აგრეთვე, არსებული პოტენციალი, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების საკითხზე მომუშავე საზოგადოების უფრო მეტი საშუალებებით უზრუნველყოფას, რათა პარიზის შეთანხმება იყოს განხორციელებული.
საქართველოს, ისევე, როგორც მრავალ სხვა პატარა ქვეყანას, არ აქვს მასშტაბური მრეწველობა, რასაც სათბური გაზების გამოყოფა ახლავს. მაგრამ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მსგავსად, ჩვენ ვგრძნობთ არსებულ ცვლილებებს და მათ მიმართ ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენი მიზანია, კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი ქვეყანა ავაშენოთ და შევამციროთ ამ მიზეზით გამოწვეული დანაკარგები.
საქართველო ბიომრავალფეროვნების უნიკალურ საგანძურს წარმოადგენს. იქ დიდი რაოდენობით ენდემური სახეობებია თავმოყრილი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ბიომრავალფეროვნება ჩვენი პლანეტის მომავლისთვის უნდა შევინარჩუნოთ.
საქართველო კლიმატის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესშია. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში კლიმატის დაცვაზე ორიენტირებულ ინიციატივებს ვნერგავთ, ასევე, მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკასა და ენერგოეფექტურ ინიციატივებს.
ამ მხრივ პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ამინდს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ სტიქიური უბედურებები სრულებით არ არის გარდაუვალი. უფრო მეტიც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტიქიური მოვლენების რისკების გააზრებასა და შემცირებაში დახმარების გაწევით, საქართველო უფრო მოქნილი და მდგრადი ხდება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და თვითმმართველობისათვის.
დაბოლოს, ბატონო პრეზიდენტო,
ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვერ ვიბრძოლებთ, თუკი საერთო ღირებულებები არ გვექნება. დემოკრატია ერთ-ერთი ასეთი ღირებულებაა. დემოკრატია ის არის, რაც თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი ჩართულობის, ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.
უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებაზე გააკეთა არჩევანი. ჩვენ, თანდათან, საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით.
ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით. პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ.
პლურალისტული და ძლიერი მასმედია დღევანდელი საქართველოს რეალობაა. „ჟურნალიტები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მე-60-ე ადგილს ანიჭებს, და ეს შთამბეჭდავი პროგრესია ბოლო 7 წლის განმავლობაში, - მაშინ, როდესაც საქართველო რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებდა. სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საკუთრების უფლებას, მათ შორის მედიის სექტორში, რასაც შედეგად მეტი პლურალიზმი და ახალი მედიაარხების გახსნა მოჰყვა.
ახალი კონსტიტუცია, რომელიც გასულ წელს მივიღეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალაუფლების გამიჯვნის მკაცრ პრინციპს, ასახავს ყველა ძირითად უფლებას და ბევრი ახალი სოციალური უფლების შემოტანით მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს. ამდენად, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუციაა. ასეთივე იყო 1921 წლის კონსტიტუციაც, რომელიც აღიარებდა ქალთა საარჩევნო უფლებას, რაც გულისხმობდა როგორც ხმის მიცემას, ისე არჩევნებში კენჭისყრის უფლებას. პირველ დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი იყო არჩეული. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, საერთოდ, პირველად იყო არჩეული მუსლიმი ქალი. დღეს მე მსოფლიოს 11 ქალ პრეზიდენტთა შორის ვარ და პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ რეგიონში.
ახლა საქართველო სასამართლო რეფორმების მეოთხე ეტაპზეა. ამ რეფორმის მიზანია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს დემოკრატიზაცია. ეს ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი ეტაპია და პარტნიორებისგან დამატებით დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვს.
პროგრესი უკვე სახეზეა და იგი ადვილად შეიძლება გაიზომოს: ბოლო 6 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი საჩივრების რიცხვი 11-ჯერ შემცირდა - 4453-დან 415-მდე. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის შედეგებით, საქართველო 126 სახელმწიფოს შორის 41-ე ადგილს იკავებს.
გარდა 2014 წელს მიღებული კანონისა, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს, ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ თანასწორობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შრომით ურთიერთობებში, დასაქმების სფეროსა და პროფესიულ საქმიანობაში. აგრეთვე, არაერთი ნაბიჯი იდგმება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა მუშავდება ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციას.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ნებართვით, დავასრულებ ჩემს გამოსვლას.
დიახ, ჩვენ 50 წლის წინ გვქონდა ოცნება!
ადამიანმა მთვარეზე დადგა ფეხი, და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად რთული იყო ამ ოცნების განხორციელება; რამხელა ადამიანური, ფინანსური, სამეცნიერო რესურსები და რამდენი მსხვერპლი დასჭირდა ამას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით!
მაგრამ დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, სხვა ოცნება გვაქვს! ეს ყველაზე უფრო ამბიციური გლობალური პროგრამაა, რაც კაცობრიობას აქამდე შეუდგენია. ეს პროგრამა ორი სიტყვით შეიძლება ჩამოყალიბდეს: „დავუბრუნდეთ დედამიწას“!
ჩვენ, ყველას, ერთი პლანეტა გვერგო მემკვიდრეობად და ქართველებს ამ პლანეტაზე მშვიდად ცხოვრება გვსურს.
ყველას უნდა გვახსოვდეს: მხოლოდ ერთი ცხოვრება გვაქვს გასავლელი, და მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს გადასარჩენი!