logo_geo
eng_logo
დმანისში აგრარული კოლეჯი გაიხსნება
- +

26 სექტემბერი. 2019. 12:44

 

დმანისში, სოფელ სარკინეთში, ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის  ყველის ქარხანა.

 

„პროფესიული სასწავლებლების განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ყველაზე თვალშისაცემი დეფიციტი მესაქონლეობა-მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის მიმართულებით გვაქვს.  კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული კადრების მომზადება დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალი კოლეჯის პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე ძველი აგრარული სასწავლებელი  „პლანტაჰოფი“, რომელსაც 200-წლიანი გამოცდილება აქვს. კოლეჯი არა მხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სასწავლებელი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში  ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც ახალი კოლეჯის დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ  ისტორიის გათვალისწინებით და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარი პარტნიორი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფია“. სკოლა „პლანტაჰოფი“ უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

 

პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით და შვეიცარიული ფონდის „Swiss South Caucasus Foundation“ (SSFC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის განვითარების ფონდი. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner