გურამ მაჭარაშვილის პირველი კითხვა შეეხებოდა კანდიდატის პირად თვისებებს - „თქვენ, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, კანონმდებლობით დადგენილი იმ ორი კრიტერიუმის გარდა, რაც ეხება კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს, რას მიიჩნევთ თქვენს თვისებებში ისეთს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოგახვედრათ ამ 20-კაციან სიაში და რომელიც თავის მხრივ, დაგეხმარებათ ისეთი მაღალი დონის პოზიციაზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა?“
გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, კანდიდატს მოსამართლეობის პრაქტიკაში თუ ჰქონია ისეთი განცდა, რომ მისი გადაწყვეტილება იყო უფრო მეტად სამართლიანი, ვიდრე კანონიერი. ან პირიქით - „თქვენი რომელიმე გადაწყვეტილება უფრო მეტად შეესაბამებოდა კანონმდებლობას და თქვენ როგორც მოსამართლემ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანობასთან ცოტა მწყრალად იყო, მაგრამ მოგიწიათ ამის გაკეთება და როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან?“
იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსამართლეებისთვის, პირდაპირ სავალდებულო არა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხით სარეკომენდაციოა, დეპუტატმა ჰკითხა მირანდა ირემაძეს - „თუ გახდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს სარეკომენდაციო სხვა მოსამართლეებისთვის, თუ თქვენ მოხვდით ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენი შინაგანი რწმენით პრაქტიკულად სხვა გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ, მაგრამ მიიღეთ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ამ ტიპის დავებთან გადაწყვეტილება მიღებული, შინაგანი კონფლიქტი ხომ არ გექნებათ, როდესაც თქვენ გაიხსენებთ, რომ თქვენ თავად მოგიწიათ ამ შინაგანი კონფლიქტის გადალახვა, როდესაც არ ეთანხმებოდით მსგავს შემთხვევაში უზენაესის გადაწყვეტილებას?“
გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა სამოსამართლეო პრაქტიკაში კანდიდატს თუ ჰქონია შემთხვევა, რომ მიემართა მხოლოდ საერთაშორისო აქტისთვის ან კონვენციისთვის და უფრო მეტად ის გამოეყენებინა, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია?
პასუხების მიღების შემდეგ დეპუტატი დაინტერესდა, უზენაეს სასამართლოში შესვლის შემთხვევაში როგორ წარმოუდგენია კანდიდატს თავისი როლი შემდგომ პრაქტიკის განვითარებაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დამკვიდრების კუთხით, პრაქტიკის შეცვლის ან პირიქით, განვითარების კუთხით - „რა წვლილი შეიძლება შეიტანოთ პირადად თქვენ იმ თვისებებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ?“