„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან.
„ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა. სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს, აი, ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.