„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა – 2019“ საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის მე-9-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის პირველ ეტაპზე, ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში – „რა, სად, როდის“ ჩატარდა. საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვების მიხედვით, მეორე ეტაპზე 7 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა – 5 ჭიათურის და 2 ზესტაფონის.
ღონისძიებას პროექტის ინიციატორი და სპონსორი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია, მხარდამჭერი მუნიციპალიტეტების ჭიათურისა და ზესტაფონის მერები, გივი მოდებაძე და გიორგი გოგლიჩიძე ესწრებოდნენ.
ასევე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი და ტრენერ-სპეციალისტი რუსუდან ასათიანი.
„მოხარულნი ვართ, რომ პროექტმა „ეკოლოგიკა - 2019“ ახალგაზრდებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად განავითარებს იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც ახალგაზრდა თაობას აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ასევე, ჭიათურის პირველ სკოლას. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერისათვის და რაც ყველაზე მთავარია – ბავშვებს, რათა მათ უფრო მეტი ცოდნა მიიღონ, უფრო მეტად მოტივირებულები იყვნენ და ასეთი შემართებით გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა თემურ ხონელიამ.
ინტელექტუალური შეჯიბრი გასართობი პროგრამით საზეიმო ვითარებაში დასრულდა.
„ეკოლოგიკა – 2019“-ის მეორე ეტაპი 4-7 ოქტომბერს გაიმართება. 7 გამარჯვებული გუნდი პროექტის მომზადების მიზნით, 2-დღიან სპეციალიზებულ ტრენინგს გაივლის. ბავშვები ტესტის წერის, დონორებთან ურთიერთობის ტექნიკას, სპეციალურ ტერმინოლოგიას – საგრანტო პროგრამის პროფესიონალურად წერას და მისი წარდგენის წესებს შეისწავლიან.
„ეკოლოგიკის“ ფარგლებში კი მოზარდები პროექტს სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადებენ. თითოეული გუნდი ტრენინგის ხელმძღვანელ რუსუდან ასათიანს საკუთარ პროექტს ინდივიდუალურად წარუდგენს.
რაც შეეხება „ეკოლოგიკა - 2019“-ის მესამე ეტაპს, გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჟიური 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდება:
I ადგილი – 5000 ლარი;
II ადგილი – 4000 ლარი;
III ადგილი – 3000 ლარი;
გამარჯვებულ გუნდებს პროექტების განსახორციელებლად 3 თვის ვადა (2020 წლის პირველი მარტიდან 2020 წლის პირველი ივნისის ჩათვლით) მიეცემათ.
„ეკოლოგიკა 2019“-ის მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა. პროექტის მხარდამჭერები ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ინტელექტუალური გუნდი „რა სად როდის“ და გაერთიანებული ერების ასოციაცია (UNDP) არიან.
„ეკოლოგიკა -2019“-ის სპონსორი კი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზია“.