„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 26 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა იყო შედეგი ძმათამკვლელი ომისა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიის ამ მძიმე ფურცლებმა დატოვა მოუშუშებელი ტკივილი, ათასობით დაღუპული და საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად ქცეული ასობით ათასი ადამიანი.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს სიყვარულს და ქვეყნის ერთიანობას ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა.