ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს კითხვებით მიმართა.
რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, თუ რა სტანდარტები და ღირებულებები გააჩნია უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ადამიანის უფლებებში, კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი.
„თქვენი პროფესიული კარიერის განმავლობაში გქონიათ თუ არა შეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, როგორც საგამოძიებო სისტემაში, როგორც პროკურორს ან როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების მენეჯერს? როგორ ფიქრობთ, არ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუ მისაწვდომობა არ არის მათთვის უზრუნველყოფილი და ისინი არ არიან თანაბარ პირობებში?“- იკითხა იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, პროკურატურა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობაზე, ერთ-ერთი მიმართულებაა შემადგენლობის გადამზადება ენისა და ეთიკის სწავლებაში.
„როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანი არის თუ არა ეს გამოწვევა სასამართლოებში, რომ მართლმსაჯულებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი?“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი ასევე დაინტერესდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი რამდენად იცნობს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციას.