„Steell International trades company“ 100%-ით ქართული კომპანიაა. ის იღებს ვალდებულებას სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან დაკავშირებით“, - ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ახალი ინვესტორის შესახებ წერს.
„თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა...
სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით ორმა კერძო კომპანიამ - „საქნახშირმა“ და „Steell International trades company“-მ შეთანხმებას მიაღწიეს და ეს უკანასკნელი კომპანიის აქტივებს გადაიბარებს.
ამ პროცესის უკან გამოჩნდა საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის აქტიური და შედეგიანი საქმიანობა, რათა აღნიშნული პროცესი დროულად და წარმატებით დასრულებულიყო.
ცოტა რამ ახალ ინვესტორზე - „Steell International trades company“ 100 %-ით ქართული კომპანიაა, რომელსაც კოქსის ნახშირისა და მადნის ყიდვა-გაყიდვაში უდიდესი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას სახელფასო დავალიანებისა და გარკვეული სოციალური გადასახადების გასტუმრებასთან დაკავშირებით.
მედიაში მათი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი შრომის უსაფრთხოებას, დასაქმებულთა ჯანდაცვასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, პრაქტიკულად ერთ თვეში - ნოემბრის დასაწყისში, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, აღდგება მადნის მოპოვება. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კი გაფართოვდება შახტები და მოპოვებითი სამუშაოები, მოხდება გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა.
ეს კარგი შედეგია. განახლებული „საქნახშირის“ შედეგად, სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, არამედ, პირველ რიგში, ტყიბული და ტყიბულელები, რომელთა კეთილდღეობაზეც ქვანახშირის მოპოვების განახლებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
აღნიშნული პოზიტიური შედეგით დასრულებული პრეცედენტი სამაგალითო უნდა გახდეს ბიზნესსუბიექტთა ურთიერთობაში. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა...“ - წერს სოსო არჩვაძე.