logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლებას, ომის შემდეგ, ორმხრივი კონტაქტების სურვილიც ჰქონდა, მცდელობებიც, იმედებიც
- +

30 სექტემბერი. 2019. 11:00

 

„ხმაურობენ ისინი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად ცდილობდნენ კრემლთან უშუალო კომუნიკაციაში შესვლას“,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვუსმენ პრიმიტიულ და მავნე აჟიოტაჟს ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჯერ ორ სიტყვას გეტყვით, შემდეგ ვიდეოს მოუსმინეთ.

 

რაზე კამათობენ ხელისუფლების ოპონენტები, იმაზე კი არა, როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები, არამედ არკვევენ, ვისი ინიციატივით გაიმართა.

 

ხმაურობენ ისინი, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად ცდილობდნენ კრემლთან უშუალო კომუნიკაციაში შესვლას (ვიდეოში მოისმენთ).

 

არ ითვალისწინებენ ბოლო დროს ვითარების ესკალაციას, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ზოგადად, დასავლელი პარტნიორების პოზიტიურ გამოხმაურებას შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

მოგიმზადეთ ოფიციალური პირის, საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის ინტერვიუების ამონარიდები, რომელიც შემდეგ გზავნილებს აჟღერებს:

 

  1. ჯერჯერობით მოსკოვიდან იმის სიგნალები, რომ ამ ფუნდამენტზე რაიმეს დავაშენებთ, არ ისმის (2012 წელია);

 

  1. რეისები სრულდება, ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობს, რუსეთიდან ტურიზმი გაორმაგდა (მაშინ ეს კარგი იყო, დღეს ყველანაირად ებრძვიან. რატომ?);

 

  1. სანამ რუსეთში არ დასრულდება არჩევნები, შემდეგ არ დააკვირდებიან ჩვენს არჩევნებს, ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება;

 

  1. მისი აღმატებულება, ბატონი ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის პირობებში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს (გულისხმობს უკეთესობისკენ შეცვლას);

 

  1. საუბრობს, რომ ორმხრივი კომუნიკაციები, სამწუხაროდ (სამწუხაროდ!), არაა, თუმცა, მე ყველას ვიცნობ, მე ყველა მიცნობს, არხები არის (აქ არ იგულისხმება ჟენევა ან სხვა, საუბარია ნაცნობობაზე), საჭიროების შემთხვევაში მესიჯები მიდის (საინტერესოა, რატომ არ ვიცით ამ გზავნილების შესახებ).

 

ჰო, საქართველო კავკასიის გასაღები მეგონა, თურმე „ზატიჩკა“ და „პრობკა“ ყოფილა...

 

მოკლედ, ეს მხოლოდ ერთი მაგალითი შეგახსენეთ, რომ წინა ხელისუფლებას, ომის შემდეგ, ორმხრივი კონტაქტების სურვილიც ჰქონდათ, მცდელობებიც, იმედებიც.

 

მაშ ახლა რატომაა ასეთი აჟიოტაჟი იმის ნაცვლად, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიესალმონ დიალოგის დაწყებას და ხელისუფლება, ერთი მხრივ, აკონტროლონ, მეორე მხრივ არ შებოჭონ აჟიოტაჟით, მეტიც, საინფორმაციო ომით? წლებია, „ქართული ოცნება“ თითს ვერ ანძრევს ოპოზიციის შიშით. წინა წლებშიც იყო კომუნიკაციის, მაღალი დონის შეხვედრების შესაძლებლობები, რომლებიც ერთი მხრივ მე-4 პრეზიდენტის სიჯიუტით, ვერ შეჯერდნენ, ვინ წავიდოდა, პრემიერი თუ პრეზიდენტი, მეორე მხრივ, ოპოზიციის აჟიოტაჟის გამო ჩაიშალა, როცა „ოცნებას“ პრორუსულობას აბრალებდნენ, ასევე, პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლებაო. 2012-ში პუტინის მოტრიალების იმედი ჰქონდათ, 2012-ს შემდეგ რა შეგეცვალათ?

 

დავიღალეთ ამ კინკლაობების ცქერით.

 

ის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება და შესაძლოა, უშედეგოც იყოს, ორჯერ ორია, მაგრამ გაყინული ურთიერთობების პირობებში ათეული წლები გადის, აფხაზეთსა და ცხინვალში თაობები იზრდებიან. თაობები იზრდებიან აქეთ მხარესაც. დევნილებს ვგულისხმობ. ამიტომ ადგილზე ტკეპნა მხოლოდ კრემლისა და სეპარატისტების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

წლებია, გეუბნებით და ახლახან გადაცემა „პირველებშიც“ (ნახეთ აუცილებლად: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3281647785186669&id=100000244408994) გავიმეორე, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიაღწიოს თანხმობას და ერთად იფიქრონ დეოკუპაციის გზებზე. ეს რუსეთთან კომუნიკაციის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე უშედეგო იქნება. ფორმატებზე პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ.

 

ვინც ამ ფერხულში ჩაბმული არ იქნება, ე.ი. მას ქვეყნის ერთიანობაზე წინ პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესები მიაჩნია.

 

თემას კიდევ დავუბრუნდები.

 

რეზიუმე. ამ ინტერვიუების საწინააღმდეგო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არაფერი მაქვს, თუმცა შეიძლება განხილვა (ნახეთ სრული ვერსიები და თავად გააანალიზეთ). უბრალოდ, თუ 2012-ში ტურიზმიც გინდოდათ, რუსეთთან კონტაქტებიც, პუტინის იმედიც გქონდათ, 2012-ს შემდეგ საწინააღმდეგო პოზიციაზე დგომა გაუგებარი და არათანმიმდევრულია“,  - წერს ამირან სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner