logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ამ არჩევნებზე ჩვენი გამოწვევაა, ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან მივიყვანოთ
- +

7 ივნისი. 2016. 10:38


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა  კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე სიტყვით გამოვიდა.


შეხვედრა საგარეო საქმეთა  კომიტეტის  თავმჯდომარე ელმარ ბროკმა გახსნა. კომიტეტის სხდომას ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ.


მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და საქართველოში  დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.


„ჩვენ ვიმყოფებით დინამიკურ პროცესში. ამ პროცესში საქართველომ ნათლად აირჩია და გამოხატა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

 

აქ ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან ერთად - სამ ძირითად საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან.

 

ეს არის მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება", ეს არის ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა" და ასევე ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები".

 

ჩვენ ყველა შევთანხმდით  საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. ასევე მიგვაჩნია, რომ საქართველომ ნათელი და მტკიცე ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.

 

ამ კონტექსტში, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთვის ორი წლის წინ მოცემულ ინსტრუმენტებზე, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შეთანხმებებზე.

 

ეს საკითხები ხდება მნიშვნელოვანი  პოლიტიკური სპექტრისათვის, როგორც შიდა პოლიტიკური განხილვებისას, ასევე რეფორმების თვალსაზრისით.

 

მთავრობამ წარმატებით წარმოადგინა ის რეფორმები, რომელიც უკავშირდება ამ ხელშეკრულებას.

 

ამავე დროს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.  ვგულისხმობ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

 

ორი დღის წინ მე გადავაგზავნე განკარგულება არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. დღეს მთავრობა დაეთანხმა მას და მისი კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს.

 

ეს აძლევს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ოთხი თვის განმავლობაში საკმაოდ გრძელი და პროგნოზირებადი საარჩევნო კამპანიის წარმართვის  შესაძლებლობას.

 

ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა გადავლახოთ დღეს საქართველოში არსებული მთავარი გამოწვევა, რაც გულისხმობს ამომრჩევლების საარჩევნო ყუთებთან მიყვანას. რადგან სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში საკმაოდ დიდია ისეთი ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებსაც ჩამოყალიბებული არჩევანი ჯერ არ გააჩნიათ.

 

ვფიქრობ, რომ ეს ამ არჩევნებზე ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ასე რომ, ამ ოთხი თვის მანძილზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი და კონსტრუქციული საარჩევნო კამპანია.

 

მე იმედი მაქვს ჩვენი მეგობრების და პარტნიორების და სადამკვირვებლო მისიების, რომლებსაც მოვუწოდებთ, რომ დეტალურად შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.

 

ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც კონკურენცია მოხდება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებსა და დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს შორის.

 

ეს პროცესი წარიმართება ვარშავის სამიტის  და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის პარალელულად.

 

ეს წელი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ჩვენ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი რამდენიმე კვირის წინ ვიზეიმეთ.

 

მადლობლები ვართ ყველა ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი იუბილე ჩვენთან ერთად აღნიშნა.

 

25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით. ახლა კი ჩვენს უმთავრეს მიზანს თავისუფლების მოპოვება წარმოადგენს.

 

თავისუფლება ნიშნავს, ემსახურო შენი საზოგადოებისა და შენი ხალხის საჭიროებებს.

 

მე მიმდინარე წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მჯერა, რომ საქართველოს თავისუფლება პოლიტიკურად გამოიხატება ევროპული სახელმწიფოსა და ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელებიც  ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს  ეხებოდა - ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების საკითხს, „რუსთავი 2" -ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს,  კორცხელის ინციდენტს, რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს და გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, მართლმსაჯულების რეფორმას.


ევროპარლამენტარები  მიესალმნენ  საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან  მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტის აქტიურ ჩართულობას.


საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტარები ვიქტორ დოლიძე, გიგი წერეთელი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner