„გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„საქართველოს სურს გახდეს ევროპული ოჯახის - ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გვინდა, არის ის, რომ ჩვენი კულტურით ევროპელები ვართ. ჩვენ გვჯერა თამაშის იმ წესების, რომელსაც აქ იცავენ. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ, როდესაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრები გავხდით და მოგვცეს მკაფიო ნიშანი იმის, რომ საქართველო მეტს მიიღებდა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ბევრი ვიმუშავეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ მთლიანად საზოგადოებამ. გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ამ ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება. ეს უსამართლობა იქნება და შეეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ერთმანეთს აღვუთქვით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.