საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში განათლება რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
„2019 წლის ბიუჯეტი აგებული იყო ადამიანური კაპიტალის ირგვლივ. მომავალ წელს, ჩვენ ამ ხაზს გავაგრძელებთ. განათლებაშიც უპრეცენდენტო პოზიტიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე. მასწავლებლების ხელფასების ზრდა პირველ ეტაპზე, იწყება 1 ოქტომბრიდან, შემდეგი ზრდა გვაქვს მომავალ წელს - ასევე 150 ლარით. ჯამში, 300-ლარიანი ზრდა ექნებათ მასწავლებლებს. ამას გარდა, თუ გავითვალისწინებთ იმ რეფორმას, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარეობს, მასწავლებლებისთვის კიდევ იძლევა საშუალებას, საათების გაზრდის შედეგად, მოხდეს ხელფასის ზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტურად 400-ლარიან ზრდას მიიღებს. ასევე იცით, რომ წლების განმავლობაში, პრობლემად რჩებოდა ბაღის პედაგოგების ხელფასი. აქაც გათვალისწინებულია მათთვის 100-ლარიანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ მომხდარა წლების განმავლობაში. ბაღებში, ასევე, გააგრძელდება გაუმჯობესდება რეაბილიტაციის კუთხითაც. განათლების ინფრასტრუქტურაში კაპიტალური დანახარჯები შეადგენს, დაახლოებით, 280 მილიონ ლარს. აქ საუბარია 26-27 ახალ სკოლაზე, ასევე, მოხდება რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაცია და რემონტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.