logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ვითომ ლიბერალური პოლიტკონიუნქტურის ტყვეობიდან გათავისუფლებაში ვხედავ ქართველი საზოგადოების უმთავრეს დანიშნულებას
- +

30 სექტემბერი. 2019. 17:39

 

მწერალმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ყველა მხრიდან ცდილობენ, გააქრონ ქართველი საზოგადოება, რომელიც არის მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ამ საზოგადოების იგნორირებას ცდილობენ ხელისუფლება და ოპოზიცია, ვინაიდან ერთიც და მეორეც ამპარტავნებითაა მოცული.

 

დავით მაღრაძის  აზრით, კი გვაქვს  გაცხადებული  ევროპისკენ სწრაფვა, მაგრამ, კალენდარში ცდომილებაა, რადგან რაც აქ მოდურია, ევროპაში აშკარად მიილია.

 

 „ჩვენში არსებობს მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელსაც პროგრესისტებად მოაქვს თავი, დანარჩენ დიდ ნაწილს კი სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია და იმ პროგრესულებმა რომ არ ჩათვალონ ჩამორჩენილებად, თამაშს იწყებენ - რასაც არ ფიქრობენ, იმას ამბობენ, რაც არ მოსწონთ, ისე იქცევიან, მოკლედ, პოლიტკონიუნქტურის ტყვეობაში არიან. ამ ტყვეობაშია ხელისუფლებაც. არადა, აგორა თავისუფალი უნდა იყოს და არც ერთ საკითხს ტაბუ არ უნდა ედოს, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს შეეხება. ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებამაც მოგიწიოს, მაგრამ ესეც უნდა იყოს თავისუფალი პოლემიკის შედეგი და არა პოლიტიკური კონიუნქტურით შეშინებული ხალხის გადაწყვეტილება. ვფიქრობ, აგორა გასათავისუფლებელია პოლიტკონიუნქტურისგან. არის ხალხი, ვინც ლიბერალობას იბრალებს, ისევე როგორც იბრალებენ კონსერვატიზმსა თუ ქრისტიანობას. სინამდვილეში, ეს ვითომ ლიბერალიზმი სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულება ღირსების წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რაც კანონით დაშვებულია, ყველაფერი მოსულა. ამგვარი დამოკიდებულება ხელს აძლევს იმათ, ვინც კოჭლი ლექსები დაწერეს და ახლა ისე წარმოაჩენენ, რომ ეს არის ნამდვილი პოეზია, ანუ ჭეშმარიტის მიჩქმალვით სიცრუის გაბატონებას ცდილობენ. ასეთი ხალხი საკმაოდ ბევრია და ისინი ამყოფებენ ჩვენს სამშობლოს ტყვეობაში. ამ ტყვეობიდან გათავისუფლებაში ვხედავ ქართველი საზოგადოების უმთავრეს დანიშნულებას, რომელიც მან უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა მაღრაძემ.

 

დავით მაღრაძემ 20 ივნისის მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ 20-21 ივნისს ხალხი დაშავდა, გოგონამ დაკარგა თვალი, ამას გამართლება არა აქვს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, იქ მოქალაქეთა ნაწილმა პოლიციის კორდონზე იერიში მიიტანა და ეს იყო იერიში ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.

 

„ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ჟურნალისტი სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ჩუბინიძეს ეკითხებოდა, თქვენ აქ რა გინდათო? იმას ეკითხებოდა, ვისაც ევალებოდა დაცვა.

 

რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მგონია იმის შედეგიც, რომ კოჰაბიტაციას ასეთი გემო ჩაატანა „ქართულმა ოცნებამ“, - აღნიშნა მაღრაძემ.

 

პოლიტკონიუნქტურის კიდევ ერთი მაგალითად მიიჩნევს დავით მაღრაძე რეაქციებს სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლაზე. მისი აზრით, პრეზიდენტმა  დიდწილად ილაპარაკა ოკუპაციაზე, თუმცა, გამოვიდნენ ვიღაცები და ამტკიცებდნენ, არ ულაპარაკიაო, სხვების თქმით, ეს არ იყო საკმარისიო.

 

„იქიდან, ალბათ, ომი უნდა დაეწყო და ეს იქნებოდა მისაღები. ეს არის ფაქტების, პროცესების ფალსიფიცირების მცდელობა. ესენი არიან პროვოკატორები, რომლებიც ყოველთვის სისხლს ითხოვენ“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner