„ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქართულ-ამერიკული ბიზნესის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ქციტიშვილმა ფოთში განაცხადა, სადაც „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს ქართულ-ამერიკული კომპანია, „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. პირველ რიგში კი, ვულოცავ ქართულ-ამერიკულ კომპანია „პეის ჯგუფს“. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი ქართულ-ამერიკული ბიზნესის გაფართოების და სტრატეგიული პარტნიორია, აშშ-ს მთავრობის კიდევ ერთი დიდი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების, მათი მთავრობის მხარდაჭერა და დახმარება. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ინვესტიციები ჩვენი ქართული ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველო რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანია და ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია, ჩვენი ვართ საშუალება, ყველაზე მოკლე კავშირი დაამყარონ ევროპისა და აზიის ქვეყნებმა და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული საქართველოს მთავრობას, რათა ჩვენი ფუნქცია, ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ფოთის ნავსადგურის ისტორიას დღეს ქართულ-ამერიკული კომპანია „პეის ჯგუფი“ ამდიდრებს, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს წარმატებული ბიზნესის მაგალითი.
„პეის ჯგუფი“ წლების განმავლობაში ახერხებს არა მხოლოდ არსებული ტვირთების შენარჩუნებას, არამედ თანამედროვე საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ახალი ტვირთების მოზიდვასაც. მინდა, მივულოცო როგორც „პეის ჯგუფს“, ასევე „ოპიკს“ 5-წლიანი მოლაპარაკების შედეგის ასეთი სახით, წარმატებულად დასრულება და ის ფაქტი, რომ საინვესტიციო კორპორაცია და „პეის ჯგუფი“ 2014 წლიდან მუშაობენ ქართულ-ამერიკული ბიზნესის განვითარების პროექტზე, ნიშნავს იმას, რომ პროექტი აუცილებლად წარმატებული იქნება და ეს წარმატება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ „პეის ჯგუფის“ წარმატება. ბუნებრივია, ჩვენთვის ეს არის საშუალება, ჩვენი ქვეყნის პოტენციალი გამოყენების, ეს არის საშუალება, მოხდეს რეგიონის განვითარება და რა თქმა უნდა, ეს არის საშუალება, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის „ოპიკის“ მიერ საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის ხუთ მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი „ოპიკის“ ინვესტიციაა.