logo_geo
eng_logo
ირაკლი ანთაძე: სამწუხაროდ, ერგნეთის შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის
- +

1 ოქტომბერი. 2019. 22:07

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციულ რეჟიმში განეხილათ ადგილზე არსებული ვითარება. ანთაძე აცხადებს, რომ მთავარი საკითხი რაზეც ტექნიკურ შეხვედრაზე იყო საუბარი, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესებია.

 

„სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. კერძოდ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც წარმოადგენს ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს უკვე არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას, რაც მიუღებელია. აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ამასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა მზადყოფნა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

 

ამასთან ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის უკანონო აქტივობები ხელს უწყობს ადგილზე არასტაბილური ვითარების შენარჩუნებას.

 

„ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია, არის, რომ აუცილებელია აღნიშნული ტერიტორია გაიწმინდოს ყოველგვარი უკანონო ინსტალაციებისგან და მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების და რა თქმა უნდა, შსს-ს დანაყოფები, იგულისხმება ქართული პოლიცია, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ანთაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner