logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ადამიანი არის მთავარი პრიორიტეტი
- +

2 ოქტომბერი. 2019. 11:12

 

„ადამიანი არის მთავარი პრიორიტეტი და მთელი ჩვენი პოლიტიკა ადამიანის გარშემო ტრიალებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ თოქ-შოუ „პირისპირში“.

 

სოზარ სუბარმა ის 8 პუნქტი გაიხსენა, რომლებზეც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მთავარი აქცენტი გაკეთდა და მთავარი გარღვევა მოხდა.

 

„ეს არის ჯანდაცვის რეფორმა, სოფელში განხორციელებული პროექტები, განათლება, რომელიც, ასევე, შედის იმ რვა პუნქტში და გამოცხადდა, როგორც ეროვნული იდეა და მას ჩვენი ბიუჯეტის 25% პროცენტი დაეთმობა. ეს არის ჩვენი მომავალი, განათლებაზე გადის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაც, განათლებულ ახალ თაობაზე გადის ეკონომიკური აღმავლობაც, სიღარიბის დაძლევაც და ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა სუბარმა.

 

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა.

 

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან დაახლოებით 400 საქმე მიდიოდა ყოველწლიურად. ახლა 100-ზე ნაკლები მიდის. სასამართლო საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა და იმაშიც, რაც მიდის, გაცილებით მეტია იმ საქმეების პროცენტი, რომელსაც სახელმწიფო იგებს, ვიდრე ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. მეორე ფაქტი - „ქართული ოცნების“ მმართველობის 7 წლის განმავლობაში ციხეში იმაზე ნაკლები პატიმარია გარდაცვლილი, ვიდრე ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთი რომელიმე წლის განმავლობაში - 130-145 ადამიანი. მთავარი, რატომაც იყო ასეთი მაღალი სიკვდილიანობა, ეს იყო ადამიანების წამება, ამით გამოწვეული სიკვდილიანობა, რომლის დაფიქსირება არსად ხდებოდა და ეს იყო აბსოლუტური უყურადღებობა ადამიანების ჯანმრთელობისადმი“, - განაცხადა სუბარმა.

 

ამასთანავე, სუბარის თქმით, ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 ათასი ახალი შემთხვევის აღმოჩენა ხდებოდა.

 

„ჩვენ ეს ციფრი პირველივე წელს 60-მდე ჩამოვიყვანეთ. როგორც კი სასჯელაღსრულების მინისტრი გავხდი, ჩემი მოადგილე არჩილ თალაკვაძე კურირებდა ჯანდაცვის მიმართულებას, პირველი, რაც გავაკეთეთ, C ჰეპატიტზე ჩავატარეთ შემოწმება, ყოველ მეორე ადამიანს ჰქონდა C ჰეპატიტი, მაშინ დავიწყეთ სწორედ ამ დაავადების მკურნალობა და ის მართლაც საოცარი პროგრამა, რომლითაც 55 ათასი განკურნებულია და ორი ამდენი უნდა განიკურნოს და ეს არის სრულიად უფასოდ, სწორედ სასჯელაღსრულებაში დაწყებული პროგრამის შედეგი და მისი გაგრძელებაა. ეს არის ადამიანზე ზრუნვის ნათელი მაგალითი. ცხადია, წამებაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. მე იმას არ ვამბობ, რომ არაადამიანური მოპყრობის, ძალის გადამეტების შემთხვევა არ ხდება, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს არის უაღრესად მცირე გამონაკლისი და უფრო იშვიათიც კი, ვიდრე ჩვენზე ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში და რაც მთავარია, სისტემური ხასიათი აღარ აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner