logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: გოდერძი განსხვავებული იყო... მთასავით ღირსეული და მთის ნაკადულივით სუფთა... დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა...
- +

2 ოქტომბერი. 2019. 15:06

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

ეს ჩვენი გოდერძი - ისეთი კაცია, სოფელი ჩოხიდან... გუდამაყრელია...

 

და ჩოხა, რომელიც გოდერძის აცვია, სხვა ყველა ჩოხაზე უფრო გულწრფელია...

 

დღეს, 2 ოქტომბერს, გოდერძი ჩოხელს შეუსრულდებოდა 65 წელი...

 

სინამდვილეში კი, მან 53 წლის ასაკში დაგვტოვა...

 

კი არ დაგვტოვა, მიგვატოვა...

 

რადგანაც უმისოდ ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის... არის - ოდნავ გაგრილებული მზე მაინც...

 

გოდერძი ყველასგან განსხვავებული იყო... მთიდან ჩამოსული, მთასავით ღირსეული და მთის ნაკადულივით სუფთა...

 

კი არ ცდილობდა... უნებლიეთ...

 

 

დღესაც ყურში ჩამესმის მისი ხმა - მორიდებული და ცოტა შეუჩვეველი ტემბრის...

 

ახლა დავწერ ერთ პატარა ნაწყვეტს და გულახდილად მითხარით, არ არის ქართველი მარკესი?

 

„მე რომ დავიბადე, გველის წიწილამ გამოტეხა ქვისფერი კვერცხი...

სამყურა ბალახს დილის ნამი ჩამოეკიდა და

სიმრგვალეში დაიტია მთელი სამყარო“...

 

მახსოვს, რა სიყვარულით იხსენებდა გოდერძი დედას...

 

ერთხელ დედას შეეშალა, დილა ეგონა და გოდერძისთან ერთად დაადგნენ გზას...

 

თურმე, მთვარე აგრძელებს ჩრდილებს, დედა უკან მიჰყვებოდა და საოცრად მაღალი ჩრდილი ახლდა თან...

გოდერძის გაუკვირდა და უკან მიიხედა...

დაწყნარდა, როდესაც დაინახა „პატარა მთის ქალი.“..

 

გოდერძი ჩოხელს ბევრი ადარებდა ვაჟა-ფშაველას...

თავად ის კი ამბობდა, რომ სახარების ყოველი წაკითხვისას, უკეთესი ხდებოდა, ხოლო ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება სახარებასავითაა.

 

ის არ მალავდა, რომ თბილისი უყვარდა, მაგრამ ვერ შეეგუა ბოლომდე და თავს შებორკილად გრძნობდა...

 

ერთხელ ბრძანა - „სწორედ ჩემზეა ნათქვამი: „ირემო, მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა?“

 

და უცებ მივხვდი, რომ ის იყო ვაჟას მინდია ...

 

მითუმეტეს, რომ გოდერძის დედას, თურმე, როგორც მინდიას, ჩიტების, ცხოველებისა და ხეების ხმები ესმოდა...

 

ჰოდა, აბა მინდიას ბუნება სჭირდება და არა ბეტონი ...

 

ძალიან მიყვარს ბატონი გოდერძის მთელი ოჯახი...

ქალბატონი ნინო და მათი ვაჟკაცები - ნიკა და ლუკა...

მართალია, მხოლოდ შორიდან ვიცნობ, ახლა თავს ვერაფრით ვერ შევიკავებ და უნდა მოგიყვეთ გოდერძის ვიზიტზე მომავალ სიდედრთან და სიმამრთან, თავად ბატონი გოდერძის მონაყოლით...

 

„- თქვენი გოგო მიყვარს, ცოლად უნდა წავიყვანო!

– ვინა ხარ?

– გოდერძი ჩოხელი.

– რას აკეთებ?

– ლექსებს ვწერ, მოთხრობებს, სარეჟისოროზე ვსწავლობ.

– ლექსებს და მოთხრობებს ყველა წერს საქართველოში და ყველა სწავლობს.

– მე სხვანაირად ვწერ.

– ვაჟა-ფშაველა ხარ?

– გუდამაყრელი.

– აქ სახლი თუ გაქვს?

– არა.

– აბა, ეს სად მიგყავს?

– შინ.

– სოფელში?

– არა, აქ.

– ბინა არა მაქო.

– მექნება.

– როდის?

– ცოლს რომ შევირთავ, მერე.

– მანამდე სოფელში ეს გოგო არ გამოგადგება, ძროხას ვერ მოწველის.

– არც მოვაწველინებ, ჩვენ აქ, ქალაქში უნდა ვიყოთ.

– სად, თუ სახლი არა გაქვს?

– ღმერთი მომცემს.

– ჰო, ჰო, დაელოდე!

– დაველოდები.

შემდეგ, ნინოს მშობლებმა გახედეს საკუთარ ქალიშვილს.

 

– შენ რას იტყვი?

– მიყვარს.

– ვინ გიყვარს, ეს?

– აი, ეს. თქვენ არ იცით, რა კარგი ბიჭია“.

 

გოდერძი - მართლა ძალიან კარგი ბიჭი იყო...

 

უნიჭიერესი და უკეთილშობილესი...

მან შეძლო შეენარჩუნებინა თავისი გულწრფელობა და სისუფთავე ბოლომდე...

ისე კი, რა ბედნიერებაა, იცხოვრო ადამიანთან, რომელიც უბრალოდ გეტყვის - მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

 

გოდერძი ჩოხელის უახლოესი მეგობარი, მანანა ზედელაშვილი იხენებდა, რომ როდესაც გოდერძი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და იწვა საავადმყოფოში, მანანა და ნინო მისულან და ახალი ტანსაცმელი მიუტანიათ...

 

დიდხანს სთხოვდნენ - მოიზომეო, არც ამდგარა, სუსტად გრძნობდა და უცებ, მეზობელი პალატიდან შემოიხედა კაცმა და მიმართა მას - ბატონო გოდერძი, დიაბეტი აქვს დედაჩემს, ახლა მოვიყვანეთ და ჭამის დრო მოუვიდა, ცოტა ყველი და პური ხომ არ გექნებათ?

 

გოდერძი მერცხალივით წამომხტარა, უჯრიდან ამოიღო ყველი, ქათამი და მიაწოდა იმ კაცს... მერე ისევ რაღაცა გაახსენდა და თავად გაურბენინა...

 

ასეთი კაცი იყო...

 

სრულიად უამბიციო...

 

 დედამიწაზე ცხოვრება ასეთ ადამიანებს უჭირთ...

 

გოდერძი ჩოხელმა დაწერა:

 

„ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში“.

 

ზუსტად ასეც მოხდა...

 

მან დაგვიტოვა თავისი ფილმები, წიგნები, ლექსები, სითბო, სიკეთე, იმედი და უზარმაზარი გული...

 

იმდენად დიდი, მთელი საქართველოს ტკივილი რომ ეტეოდა...

 

და, იცით, რა გვიანდერძა?

 

კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!

 

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და წარმატებულად დატრიალებულ დღეს!

 

https://www.facebook.com/lela.anjaparidze/posts/2416948871720180

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner