პატიმრის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებამ და ექსპერტიზის დასკვნამ უნდა დაადგინოს, შესაძლებელი იყო თუ არა თვითმკვლელობის თავიდან აცილება.
„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები უკვე შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს, სულ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
ქუთაისის ციხეში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა. როგორც პენიტენციურ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით ჩამოიხრჩო თავი.